„ომი გათავდა ხალხო და უკან ბრუნდება ორმოცდაერთ წელში ამ ცუდად მოკირწყლული შარაგზით წასული ჩემი სოფელი“

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე…

ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან “მე ვხედავ მზეს”

“ომი გათავდა, ხალხო ომი, ვეღარ იცნობ ჩვენს სოფელს, ქვეყნის ხალხი დაბრუნდა, გერასიმეს ბიჭი დაბრუნდა, ნინიჩკას ბიჭი დაბრუნდა, მინას ევგენი დაბრუნდა, ნოდარას მამა დაბრუნდა, ოტიას მამაც დაბრუნდა, ცალფეხა დაბრუნდა, მაგრამ მაგის ფეხს ვინ უყურებს, ვის უნდა მაგის ფეხი. ლუკაიას კუკურა არ დაბრუნდა, არც შავი მაშიკოს მალხაზა, ბევრი არ დაბრუნდა და მაინც ვერ იცნობ, ჩვენს სოფელს, ახლა მარილიც იშოვება და ჭადიც. უკვე ათი ქორწილი იყო, გოგია ცერცვაძე ხომ გახსოვთ? ათი შვილის მამა, იგიც დაბრუნდა და მისმა ცოლმა თალიკომ მეთერთმეტე ბავშვი გააჩინა, შუქრია. ასეთი არაფერი მინახავს,  მოკვდები სიცილით რომ გაიგო, ეს მელოგინე ქალი კორკიმელზე იყო გასული, მშობიარობა რომ დაეწყო. ხეზე კინაღამ დაბადა ბავშვი. გეყურება შენ? ძლივს მიუსწრეს. ზეწარი გაუფინეს ხის ძირში, მაგრამ მოასწრო ჩამოსვლა. გოგიამ უთხრა: რას ჩამოდიოდი, შე ქალო, ბარემ კორკიმელზე მოგემშობიარებია და გიდლით ჩამოგეშვაო. იმ ბავშვს შუქრია კი დაარქეს, მაგრამ მე მაინც კორკიმელას ვეძახი.  ხომაა სასაცილო, კორკიმელაც კარგი სახელია, არა? ჩემი შერქმეულია.

ომი გათავდა ხალხო და უკან  ბრუნდება  ორმოცდაერთ წელში ამ ცუდად მოკირწყლული შარაგზით წასული ჩემი სოფელი. იგი ბრუნდება ორდენებით მკერდდამშვენებული, დაჭრილი, დაგლეჯილი,სისხლდაკარგული, მაგრამ მაინც ძვალმაგარი, ღონიერი და ძლიერი. იგი ბრუნდება ევროპის უსასრულო შარაგზებიდან ჩექმა დამტვრეული, თითო-თითო, გაფანტული, იმავე ბილიკით, რომლითაც წავიდა ივნისის მცხუნვარე დღეს…”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები