ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი-6000 დავითგარეჯელი მოწამეს ხსენების დღე და ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული

6 000 გარეჯელი მოწამე — წმიდანი ექვსი ათასნი მოწამენი, დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილნი (გ. 1616). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი. ხსენების დღე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

დავით გარეჯის ლავრა დასაბამს VI საუკუნიდან იღებს და იმთავითვე ხდება საქართველოს სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე კერა. დავით გარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებდნენ. ლავრა მრავალგზის დარბეულა მტერთა მიერ, მრავალი გარეჯელი მამა აღსრულებულა მოწამეობრივად, მაგრამ განსაკუთრებულია 1616 წლის აღდგომა ღამეს „სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა“.

1615 წელს სპარსეთის შაჰ-აბასი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ, იგი სანადიროდ გაემართა გარე კახეთის ველებში. გარეჯის მთებში მას შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად. შუაღამისას შაჰის ყურადღება მიიპყრო შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. უსჯულოს თავიდან მოჩვენება ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს: ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით გარს უვლიან ეკლესიასო. შაჰმა ბრძანა, მონასტერში მეომრები გაეგზავნათ და ამოეხოცათ ბერები.

ამავე ღამეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით თქვენ დიდი გამოცდა გელით – მახვილით მოისრებით. ვისაც სურს, დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისათვის, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს“.

წინამძღვარმა ყველას აუწყა ჩვენების შესახებ და მამებმაც იწყეს მოწამეობრივი ღვაწლისთვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრის მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალა.

წირვის ბოლოს „მამაო ჩვენოს“ გალობისას სპარსი მეომრები გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარი მაშინვე გავიდა რაზმის მეთაურთან და თხოვა წირვის დასრულებისა და ზიარების ნება დაერთოთ საძმოსთვის.

სპარსელებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, მცირე დროის შემდეგ აღესრულებინათ შაჰის ბრძანება. მამებმა მიიღეს წმინდა ზიარება, ერთმანეთი გაამხნევეს და საზეიმოდ შემოსილები წარსდგნენ უსჯულოთა წინაშე.

სპარსელებმა პირველად წინამღძვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან წასულმა ორმა მორჩილმა იხილა ზეციდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. სპარსელებმა ისინიც ნაკუწებად აჩეხეს და მიწაზე მიმოფანტეს ფრინველებისა და გარეული მხეცების შესაჭმელად. შემდგომ ამ ადგილას ამოვიდა ვარდის ბუჩქი, რომელიც XIX საუკუნეშიც ხარობდა, უწყლო, მშრალ და ქვიან ნიადაგზე.

მოგვიანებით ქართველთა მეფემ არჩილმა დიდი გულმოდგინებით შეაგროვა მოწამეთა ძვლები და ქვის დიდ საწნახელში მოათავსა ტრაპეზის მარცხენა მხარეს. წმიდა ძვლებიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.

წმიდა დავითისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ძმობამ თხოვნით მიმართა კათოლიკოს ანტონ I, შეედგინა მათთვის ღვთისმსახურება და მათ პატივსაცემად დაედგინა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.

* * * * * *

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.

ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.

ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.

გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: „რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.

ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი (ცხოვრება იხილეთ 12 ივლისს). წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ ბერი გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღმრთისა თავად ბერ გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.

ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.

ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

პორტაიტის, ანუ ივერიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები