კურული – კორიდას წინამორბედი ქართული ხალხური თამაში

კურული ანუ კუროსთან, ხართან ჭიდაობა თამაშად ქცეული რიტუალი გახლდათ, რომელიც დიდი ღმერთის სახელზე იმართებოდა და ძირითადად, დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობაში იყო გავრცელებული. სამეგრელოში ეს თამაში იმართებოდა კვირა დღეს, სოფლის ახლოს, მოედანზე. გამოჰყავდათ საგანგებოდ გაწვრთნილი ხარი, მიაბამდნენ მოედნის ცენტრში ჩარჭობილ პალოზე და 2 კაცი გარკვეული წესების დაცვით აღიზიანებდა. შემდგომ გახელებულ ხარს აუშვებდნენ და ერთ-ერთი იწყებდა მასთან ბრძოლას. კურულის არსს ხარის დაძლევა, შეკვრა და წაქცევა წარმოადგენდა. საღამოს იმავე ადგილას იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა. სვანეთში ასეთი ხარების ჭიდაობით იწყებოდა დიდი ღმერთის სახელობის დღესასწაულთა ციკლი „უფლიშიერი“, რომელიც თომას კვირას (აღდგომის მომდევნო კვირა, კვირაცხოველობა) დგებოდა და 5-6 კვირის განმავლობაშიუ გრძელდებოდა. ამ დღეს „ლასკარებს“ (სამეზობლოებს) ან ცალკეულ თემებს გამოჰყავდათ დიდი ღმერთის სახელზე შეწირული კუროები ან რჩეული ხარები, არაყს დაალევინებდნენ, გაახელებდნენ და რიგრიგობით მიუშვებდნენ ერთმანეთზე. ხარების ჭიდაობა გურიასა და რაჭაშიც სცოდნიათ, მაგრამ რელიგიურ-საკულტო მნიშვნელობით მხოლოდ სვანეთში იყო შემორჩენილი.

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშობებში არეკლილია ხართან დაკავშირებული უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთში, კავკასიაში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებში. ყურადღებას იქცევს ძველი კრეტის მხატვრობა, სადაც გამოსახულია ხართან ბრძოლა, რაც მეტად პოპულარული ყოფილა და რელიგიურ-საკულტო ცერემონიალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რიტუალად შედიოდა. მომდევნო ხანებში ხართან ბრძოლამ თანდათან დაკარგა პირვანდელი შინარსი და შუა საუკუნეებში ფეოდალთა საყვარელ გასართობად იქცა. მისი თანამედროვე ფორმა სამხრეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული კორიდაა.

როგორც ქართველი ისტორიკოსი გიორგი კალანდია 2014 წელს ჟურნალ „ისტორიანში“ წერს, ეს ტრადიცია დღეს მხოლოდ ტაო-კლარჯეთში, ართვინშია შემორჩენილი.

„ართვინის ქუჩებში გამოფენილი მორთულ-მოკაზმული ხარები ივნისის ბოლო შაბათ-კვირას ვილაიეთის თითქმის ყველა ქართული სოფლიდან მაღალ მთაზე ამოჰყავთ. ამბობენ, ამ სანახაობას ძველ საქართველოში კურული ერქვაო. კურულსა და კორიდას შორის მსგავსებაც იკითხება. მკვლევართაგან ეს საკითხი შეისწავლეს ცნობილმა ეთნოლოგებმა, პროფესორებმა ვერა ბარდაველიძემ და სოსო ჭანტურიშვილმა. თუმცა „პირველმკვლევრის“ სახელი შეიძლება დიდ აკაკი წერეთელს მივანიჭოთ,“ – გიორგი კალანდია

აკაკის ერთ-ერთ მოთხრობაში – „დათუნა გოცირიძე“ – შთამბეჭდავადაა ასახული კაცისა და ხარის ბრძოლა, რომელიც ბასკურ-ესპანური კორიდის ცოცხალი ასოციაციაა. ერთი მონაკვეთი ამ მოთხრობიდან ასეთია:

შევიდა წრეში გოცირიძე. შემოხედა ნებიერმა, აიღო თავი, შემოაბდღიალა თვალები, შემოჰბღუილა და მიაშურა. დათუნა გაუხტა განზე, მოუმარჯვა ხმალი და სწყვიტა, წაიფორხილა გაბრაზებულმა პირუტყვმა, ჯერ წაიჩოქა წინა მუხლებზე და მერე კი გადაგორდა. თავი ისევ კისერზე ება, მაგრამ კისრის ძვლები დასჩენჩხოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები