როგორ დაიბრუნა საქართველომ ქართული ჰანგები…

1886 წელი. 15 ნოემბერი. თბილისში უცნაური გამოცოცხლებაა. ბინდდება. ქართული თეატრის შესასვლელთან ხალხი ირევა. ქალბატონები ლაპარაკით ირთობენ თავს, ბატონები მოწიწებით ესალმებიან ერთმანეთს… ეტლი ეტლს მოსდევს, ფლოქვების თქარა-თქური, კაბების შრიალი, გაბმული საუბარი, ერთმანეთში ირევა. რომელიღაც ქალბატონი ეტლიდან გადმოდის, გალანტური კავალერი თვალის დახამხამებაში იქვე გაჩნდება და ხელს უწვდის… იდუმალი მზერა მხოლოდ რამდენიმე წამს დაყოვნდება… სათქმელი უკვე ითქვა… ამ ამბავს გაგრძელება ექნება, – ჩაიცინა ვიღაცამ. თბილისში ხომ ოდითგან უყვარდათ ჭორაობა… ლოყებშეფაკლულმა ქალბატონმა კაბის შრიალით ჩაიარა და თეატრის მძიმე კარს მიღმა გაუჩინარდა…

დარბაზში სინათლე ჩაქრა. ზუზუნი წამში შეწყდა. სამარისებური სიჩუმე ძარღვიანმა ქართულმა სიმღერამ გაკვეთა… ასე დაიწყო ლადო აღნიაშვილის ქართული ქოროს პირველი კონცერტი… აღფრთოვანებულ პუბლიკა  თავს ვეღარ იკავებდა. ტაშის გრიალმა ჭერი ლამის ჩამოანგრია.

„დიდი მადლობა გვმართებს ბ-ნ აღნიაშვილისა, რომელმაც ეს მართლა სახელოვანი საქმე იკისრა, შეჰყარა ხორო, გაგვიმართა ქართული კონცერტი და დაგვატკბო იმ მივიწყებულის ხმებით, რომლითაც მღეროდნენ ჩვენი წინაპარნი და რომელსაც ისეთის აღტაცებით ისმენდა იმ ღამეს თეატრში შეყრილი საზოგადოება… არანაკლებ მადლობის ღირსია ბ-ნი რატილი, ეგ უცხო კაცი, რომელმაც მოამზადა და გასწურთნა იგი ხორო“, – წერდა ბედნიერი ილია.

მართლაც, დიდი სიხარული იყო ამ გუნდის გამოჩენა. მანამდეც ატარებდნენ მუსიკოსები კონცერტებს, იმართებოდა საღამოები, ჟღერდა მუსიკა, მაგრამ… ეს ყველაფერი „რუსული მუსიკალური საზოგადოებისგან“ მოდიოდა. ქართული ჰანგები როგორღაც მეორე პლანზე გადადიოდა. სწორედ ამ დროს მხსნელად მოგვევლინა შილდაში დაბადებული, მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახის შვილი, თელავის სასულიერო სემინარიაში აღზრდილი, ჭეშმარიტი ქართული სიმღერის მოტრფიალე ლადო აღნიაშვილი, რომელმაც 25 წლის ასაკში მოახერხა დაეძლია ყველა დაბრკოლება და შეექმნა შესანიშნავი გუნდი, რომელმაც სახელი გაითქვა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელად მოიწვიეს ნიჭიერი მუსიკოსი, იმხანად თბილისის ოპერის სოლისტი, წარმოშობით ჩეხი – იოსებ ნავრატილი, რომელმაც კეთილი კვალი დატოვა ქართული მუსიკის ისტორიაში… ლადო აღნიაშვილს, როგორც ხდება ხოლმე, ამ საქმეში მიმბაძველები გამოუჩდნენ, შეიქმნა სხვა გუნდებიც და ეს ძალიან კარგი იყო… საქართველომ დაიბრუნა ქართული ჰანგები…

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები