სამების ახალგაზრდულ ცენტრში ემიგრანტი ქალბატონის გულნარა მიქანაძე-სვანიძის გამოფენა გაიხსნება
16 აპრილს 5 საათზე, სამების ახალგაზრდულ ცენტრში ემიგრანტი ქალბატონის გულნარა მიქანაძე-სვანიძის გამოფენა სახელით „ნარჩენების მეორე სიცოცხლე” გაიხსნება. ღონისძიება საქველმოქმედოა და შეგროვილი თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ.
გულნარა მიქანაძე-სვანიძე წლებია ემიგრაციაშია იტალიაში. ის ბათუმელი მასწავლებელია და წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტებს ხელსაქმეს ასწავლიდა. ხელნაკეთი თოჯინების დამზადება ბავშვობისას დაიწყო. ემიგრაციაში ნოსტალგიის დასაძლევად კი, მეგობრების თოჯინური ორეულების ქსოვას შეუდგა. ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ მის კოლექციაში ბევრი ცნობილი ქართველის თოჯინა-ასლიც მოხვდა.
გულნარა მიქანაძეს უამრავი გამოფენა ჰქონდა, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთშიც და შემოსული თანხები ბავშვებისთვის ქველმოქმედებას მოახმარა. პატარებისთვის წიგნებსაც წერს და თავისივე ხელნაკეთი თოჯინებით ასურათებს. „გულო ბებო“ – ასე იცნობენ ქართველი პატარები მას.