5 აპრილი ნოე რამიშვილის დაბადების დღეა

1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი გახდა. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ასევე იყო საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე, 1919 წლიდან კი მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის გარდა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრობაც შეითავსა.

გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო და უცხოეთში გახიზნულიყო. ნოე რამიშვილიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში საფრანგეთში გაემგზავრა. თუმცა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებდა. იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

1930 წლის 7 დეკემბერს ნოე რამიშვილი პარიზში, იტალიის მოედანზე, ჯებირს ამოფარებულმა ქართველმა ემიგრანტმა ორი გასროლით მოკლა. ქართველმა ემიგრაციამ მომხდარს პოლიტიკური შეფასება მისცა – ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მკვლელობა საბჭოთა უშიშროების დაკვეთით იყო განხორციელებული. ნოე რამიშვილი დაკრძალულია პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია ნოე რამიშვილის 1906 წლით დათარიღებული წერილი, რომელსაც იმპერატორის მეფისნაცვალს კავკასიაში, მეტეხის ციხიდან უგზავნის. იგი ამ პერიოდში აქტიურად გამოდიოდა დისკუსიებზე ბოლშევიკების წინააღმდეგ, ხელმძღვანელობდა არალეგალურ ჟურნალ „სოციალ-დემოკრატს“, სწორედ ამგვარი საქმიანობის გამო აღმოჩნდა ნოე რამიშვილი მეტეხის ციხეში. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან.

„მიწევს დავარღვიო ჩემი ცხოვრების უცვლელი წესი – არასდროს მივმართო მთავრობას! თუმცა დიდია აღშფოთება და გაუსაძლისია სულიერი მდგომარეობა. აგერ უკვე სამთვენახევარია ყოველგვარი ბრალდების გარეშე ვიძირები მარტოობაში, შორეულ მხარეში გადასახლების მოლოდინში. საბოლოოდ ირკვევა, რომ რუსეთში მიმდინარეობს „პოლიტიკურთა“ გათავისუფლება. ჩემი საცოლე განადგურებულია, სურს შეიტყოს, რა მდგომარეობაა ჩემთან დაკავშირებით, რა მელოდება, თანაც თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პრესაში გაჩნდა შეტყობინება (გავრცელდა ინფორმაცია) თქვენი ბრძანების შესახებ. მან „დაცვის განყოფილებიდან“ (ოხრანკა – ავტ.) გაიგო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და შეხვედრისას მომახსენა გადაწყვეტილების შესახებ – გადამასახლონ არხანგელსკის გუბერნიაში ტერორისტული საქმიანობისთვის… შეიძლება ამომქოლოთ, მაგრამ ვერ დამმარხავთ! იცოდეს დაცვის განყოფილებამ (ოხრანკამ), რომ ჩემი პიროვნება თბილისის საზოგადოებისთვის უდიდესი ნაწილისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი და, რომ ასეთი ბრალდებებით თვალში ნაცარს ვერავის შეაყრიან. შეუპოვარი ვარ, მტრებს არ ვუყვარვარ – ღმერთმა უშველოთ, მაგრამ გონს მოეგონ, ტერორისტული საქმიანობა – ზღაპრული მიზეზია ჩემი გადასახლებისთვის. ჩემი პოლიტიკური საქმიანობა მიტინგებზე და სიტყვით გამოსვლა – ეს მოწოდებაა თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის.“

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები