შესანიშნავი მექართულე – კიტა აბაშიძე

– შესანიშნავი მექართულეა კიტა. მის ლექციებზე უნებლიეთ გამივლის ხოლმე აზრი, როცა თამარ მეფის დროს დარბაზი შეიქმნა და დარბაისლები სალაპარაკოდ გამოვიდოდნენ, ალბათ ასე დინჯად, ასეთი კარგი ქართული ენით და ასე მიმზიდველად საუბრობდნენ. კიტა უეჭველად დაამშვენებდა ქართულ პარლამენტს, რომ გვქონდეს. რაც მართალია, მართალია, შესანიშნავი ქართული იერის ორატორია! – ამბობდნენ მისი ლექციის შემდეგ აღფრთოვანებული მსმენელები…

კიტა აბაშიძე უკიდეგანოდ განათლებული იყო. ის არაჩვეულებრივად საუბრობდა რუსულ და ფრანგულ ენებზე, გამუდმებით კითხულობდა, დაწვრილებით ეცნობოდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ პრესას, რომელიც საფრანგეთიდან ჰქონდა გამოწერილი.

არც პოლიტიკა იყო მისთვის უცხო ხილი, ის ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მის ლექციებზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარ რჩებოდა, ისე იჭედებოდა დარბაზი. ქართული თეატრის მკვლევარი სერგო გერსამია იგონებს: “როცა მის ლექციებს ისმენდით, არ იღლებოდით. კიტა ნამდვილი ქართული ტიპის ორატორი იყო, თუ შეიძლება ასე გამოითქვას, ლაპარაკის დროს მუდამ იცავდა ქართული მეტყველების იერსა და სპეციფიკას. თავისუფლად იდგა კათედრის მარცხენა კიდეზე, მარცხენა ხელს კათედრაზე ჩამოსდებდა, მეორე კი თავისუფლად ჰქონდა. ლაპარაკობდა საშუალოზე მაღალი ტონით, იყენებდა ინტონაციებს, მაგრამ მისი ხმა არასოდეს ყვირილში არ გადადიოდა და არც ჩურჩულამდე ჩამოვიდოდა. სიტყვებს ისე მკაფიოდ გამოთქვამდა, რომ არც ერთი ბგერა არ იკარგებოდა, სიტყვებს არ ეძებდა, ლაპარაკობდა ფიგურულად, ზომიერი სიდინჯით და საჭიროების კვალობაზე აღფრთოვანებით, ჟესტიკულაციებს არ მიმართავდა. ერთადერთი მისი ჟესტი იყო მარჯვენა ხელის გაქნევა და ისიც იშვიათად. როცა კიტა ლაპარაკობდა, თქვენ აშკარად გრძნობდით ქართული მეტყველების სილამაზეს და მიმზიდველობას. ჰო, ერთიც უნდა ითქვას: კიტა ზემო იმერეთიდან იყო, ზემო იმერლებს კი თავისებური აქცენტი აქვთ, მას ასეთი აქცენტის ნასახიც კი არ გააჩნდა. საერთოდ, ვერც ხმაში, ვერც სიტყვების გამოთქმაში და ვერც სიტყვიერ მასალაში რაიმე კუთხურობას ვერ შეამჩნევდით… დამსწრენი ყოველთვის გულდასმით უსმენდნენ, მხურვალე ტაშითაც აჯილდოებდნენ, რაც ზოგჯერ ოვაციებში გადადიოდა და დარბაზიდანაც ცოდნით დატვირთულნი გადიოდნენ.”

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები