ეროვნული გალერეა ირაკლი გამრეკელის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ორგანიზაცია „არტ-ფუთის“ ორგანიზებით ირაკლი გამრეკელის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა იმართება.
„ირაკლი გამრეკელი ქართული ავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მხატვრის ნიჭიერება ყველაზე ნათლად სცენოგრაფიაში გამოვლინდა. მისი უნიკალური მხატვრობა, გადაჭარბებული თეატრალური ჟესტიკულაციითა და უტრირებული მიმიკით ექსპრესიონისტულ მანერიზმად შეიძლება მივიჩნიოთ.
ირაკლი გამრეკელი ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ქართული თეატრის რეფორმატორებთან – კოტე მარჯანიშვილთან და ალექსანდრე ახმეტელთან – ერთად მან დარგის თეორიული საფუძვლები განსაზღვრა, ნოვატორული ძიებებითა და თამამი ექსპერიმენტებით ქართული სანახაობრივი თეატრის ტრადიციები ააღორძინა.
ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინება ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები ადრეული პერიოდის სცენოგრაფიიდან, ასევე – საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი წიგნის გრაფიკის ნიმუშები, მხატვრის გაფორმებული საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ესკიზები და ვიდეოკოლაჟი, რომელიც ირაკლი გამრეკელის კინომხატვრობას წარმოაჩენს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე თავმოყრილია ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები სხვადასხვა კოლექციიდან: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ხელოვნების სასახლის, რუსთაველის ეროვნული თეატრისა და მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრების ფონდებიდან, არჩილ დარჩიას, გალერეა გამრეკელის, მაკა და ეკა არბოლიშვილების კერძო კოლექციებიდან.
ირაკლი გამრეკელისადმი მიძღვნილი გამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპი, აჩვენოს მისი ღვაწლი ქართული სახვითი ხელოვნებისა და სცენოგრაფიის განვითარებაში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით მომზადდა ირაკლი გამრეკელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო წიგნ-ალბომის ელექტრონული ვერსია.
გამოფენა 14 მარტს, 18:00 საათზე, გაიხსნა და 14 აპრილის ჩათვლით გასტანს.