არტურ ლაისტი – ავტორი, რომელმაც თავის ნაშრომებში „ჩააქსოვა თავისი საკუთარი და გულწრფელი სიყვარულის გრძნობა“

არტურ ლაისტი, პირველი ჩამოსვლისას, თითქმის ერთი თვე დარჩა თბილისში. პოლონეთში დაბრუნებულმა დაბეჭდა წიგნი – „საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“, მაგრამ მას სულ სხვა ფიქრი და ოცნება არ აძლევდა მოსვენებას. სურვილი კლავდა, შოთა რუსთაველი და მისი პოემა გაეცნო თანამემამულეებისთვის, ამიტომ, ერთი წლის შემდეგ, კვლავ ესტუმრა თბილისს და დაიწყო თავაუღებელი მუშაობა – ილია ჭავჭავაძის და ივანე მაჩაბლის მეშვეობით თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, გამოსაცემად მოამზადა ქართული პოეზიის ანთოლოგია, თითქმის ყოველ შაბათს აკაკი წერეთელთან და დავით ერისთავთან ერთად ესწრებოდა ქართული თეატრის წარმოდგენებს და აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან“… ოთხი წლის შემდეგ გამოსაცემად გამზადებული წიგნების მასალებით უკან, სამშობლოში გაბრუნდა, დრეზდენში დასტამბა რამდენიმე წიგნი, იმოგზაურა პოლონეთში, იტალიაში, ავსტრიასა და თურქეთში, მაგრამ გულმა ისევ საქართველოსკენ გამოუწია – 1892 წელს სამუდამოდ დასახლდა თბილისში და აქაურ გერმანელ ქალთან – მარია ბაიტლინგერთან შექმნა ოჯახი…
ასე დაიწყო მისი თბილისური ცხოვრება… არ ჩატარებულა არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მას რომ მონაწილეობა არ მიეღო.
გაუთავებლად იკვლევდა, წერდა, თარგმნიდა, გამოსცემდა… 1906 წელს დააარსა გერმანულენოვანი გაზეთი „კავკაზიშე პოსტი“, 1918 წელს კი თბილისის ახლად გახსნილ უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად მიიწვიეს. მასთან ხშირად ჩამოდიოდნენ უცხოელი მკვლევრები, რომელთაც გულთბილად მასპინძლობდა და დაუზარებლად ათვალიერებინებდა საქართველოს, ხოლო თუ ვინმე საქართველოდან უცხოეთში მიემგზავრებოდა სასწავლებლად ან სამუშაოდ, სარეკომენდაციო წერილებს ატანდა.
1923 და 1927 წლებში არტურ ლაისტმა ორ წიგნად გამოსცა საოცარი სიყვარულით და სითბოთი შექმნილი შრომა – „საქართველოს გული“. თედო სახოკია ასე აფასებს ამ წიგნს – მასში „ავტორმა ჩააქსოვა თავისი საკუთარი და გულწრფელი სიყვარულის გრძნობა. ეს არის კრებული მისთა მოგონებათა საქართველოსა და ქართველების, ქართველთა მწერლებისა და მწერლობის შესახებ… მთელი წიგნი მკითხველზე სტოვებს შთაბეჭდილებას შეყვარებულთა მიწერ-მოწერისას, ვაჟი – არტურ ლაისტია, ხოლო ქალი – საქართველოა.“

 

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები