13 მარტი – მერი დავითაშვილის დაბადების დღე
მერი დავითაშვილი – ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი 1924 წლის 13 მარტს დაიბადა.
მას დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა — „ქაჯანა“ და „ნაცარქექია“, მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისთვის: „მანანა“, „მტრობა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“ , „რწყილი და ჭიანჭველა“, „სათაგური“ და სხვა, 2 საორკესტრო სიუიტა ბალეტ „მზის ქორწილისათვის“, სიმფონიური, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის, ხუთი რომანსი ანა კალანდაძის ლექსებზე და სხვა.
„რაღაც საოცრება ხდება! არ ვიცი, როგორ იბადება ის პირველი მუხტი, პირველი მოტივი… ჩემგან არ მოდის ნაღდად. ან რატომ მაინცდამაინც ასეთი სახით, და არა სხვა სახით? ის პირველი მუხტი რომ დაიბადება, მერე საქმეში ერთვება ჩემი ოსტატობა, ცოდნა, გემოვნება… ეს ყველაფერი უკვე მერე ერთვება – გამოცდილი ვარ და ვიცი, როგორ უნდა განავითარო ეს ყველაფერი.’’ – წერდა თავის მოგონებებში მერი დავითაშვილი.
კომპოზიტორი 2014 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში.