“დიდი სურვილი მაქვს დავტოვო ახალგაზრდები ვინც ჩემს საქმეს გააგრძელებენ”

ფატი თურმანიძე საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, ვინც უძველეს ქართულ დასარტყამ საკრავს, დიპლიპიტოს პროფესიონალურ დონეზე ამზადებს. სხვათა შორის, სპეციალისტების აზრით, ეს საქმე მას მამაკაც ოსტატებზე უკეთესად გამოსდის. გარდა ამისა, ამზადებს დაირასაც, რომელსაც გამორჩეული ბგერა აქვს და კიდევ, მან ახალი, საავტორო მუსიკალური ინსტრუმენტიდარპლიპიტო შექმნა, რომელიც დიპლიპიტოსა და დაირის სინთეზს წარმოადგენს. სწორედ ამის გამო ის სახელმწიფო საარქივო ფონდშია შეყვანილი. ფატი პროფესიით მსახიობია, არის ხატმწერიც, ამზადებს სხვადასხვა აქსესუარებს და სახლის დიზაინი, მცენარეების მოვლა და კიდევ ბევრი რამ ერთნაირად კარგად ეხერხება… “ქართული კვირა” დაუკავშირდა ფატი თურმანიძეს და გაესაუბრა.

– დიპლიპიტო ეს იგივე ნაღარაა, თუმცა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ნაღარა სხუათა ენაა, ქართულად სამვიკი ანუ დუმბული ჰქვია”. ძველად,  ნაღარა, ანუ დუმბული საომარ საკრავს წარმოადგენდა, აგრეთვე იყენებდნენ ნადირობის დროსაც. ახლა კი, დიპლიპიტო სათანმხლეო, საანსამბლო საკრავია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დიპლიპიტოს ორკესტრშიც გამოიყენებდნენ. დიპლიპიტო პირველად, 1894 წელს, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა გამოიყენა ორკესტრისთვის „კავკასიურ ესკიზებში”, შემდეგ, დიპლიპიტო ისეთ ოპერებში გამოიყენეს, როგორიცაა დიმიტრი არაყიშვილის “თქმულება შოთა რუსთაველზე”, სემიონ ვასილენკოს „მშვენიერი იოსები”, რეინგოლდ გლიერის „შაჰსენემი”…

მე ძველი საკოლექციო დიპლიპიტოს მიხედვით აღვადგინე ეს ხალხური საკრავი. ტყავთან მუშაობის საკუთარი ტექნოლოგია შევიმუშავე, რომელიც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ახლა, ორ, სამ და ოთხ ქოთნიან დიპლიპიტოებს ვამზადებ. სამომავლოდ გეგმაში 8 ქოთნიანი(ერთი ოქტავა) დიპლიპიტოს დამზადება მაქვს.

გამოფენის გაკეთებაც მინდა, თუმცა მანამდე ვაპირებ კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი გავხადო ეს ხალხური საკრავები, ორნამენტებით მოვხატო, მივცე სრულყოფილი სახე, როგორც საჭიროა და როგორიც მე წარმომიდგენია.

– ფატი, თქვენ დიპლიპიტოს გარდა დაირასაც ამზადებთ და ვიცი, რომ ადრე ამ ინსტრუმენტებს თქვენი სახლის ეზოში ამზადებდით, რაც გარკვეულ სირთულეს გიქმნიდათ

– დიახ, წლების განმავლობაში, ამინდიდან გამომდინარე, მხოლოდ ზაფხულში, ვამზადებდი ინსტრუმენტებს ჩემთან ეზოში, ახლა კი, კულტურის სამინისტროს ჩართულობით, მაქვს სახელოსნო, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ თეა წულუკიანს, პროექტის ხელმძღვანელს არჩილ ჭოტაშვილს და ყველა თანამშრომელს ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მინდა რომ ჩემი სახელოსნო ბოლომდე მოვაწყო, მქონდეს გამოსაწვავი ღუმელი და საჭირო დანადგარები, რათა თავად დავამზადო და გამოვწვა ქოთნები, ძველი ტრადიცია ბოლომდე აღვადგინო და ისე მოვხატო ინსტრუმენტები, როგორც ადრე იყო. ასეთი გამართული სახელოსნო ზედმეტ ხარჯებსაც ამაცილებს და ყველაფერთან ერთად, მექნება იმის საშუალება, რომ ბოლომდე გავიხსნა როგორც შემოქმედი და გავაკეთო ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს. გარდა ამისა, შესაძლებლობა მექნება მივიღო ტურისტები და გავმართო მასტერკლასები. ეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის – დიპლიპიტოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

– როგორც ვიცი, ბევრი უცხოელია დაინტერესებული თქვენი ნამუშევრებით

– დიპლიპიტოზე ძირითადად უცხოელებისგან არის მოთხოვნა, თუმცა, ტრანსპორტირებისა და წონის პრობლემების გამო უარი უთქვამთ და ვერ წაუღიათ, ამიტომ გადავწყვიტე დამემზადებინა მინიატიურული დიპლიპიტოები, სუვენირების სახით.

– თქვენ ბრძანეთ, რომ უცხოელებს ძირითადად მინიატიურული დიპლიპიტოები სუვენირებად მიაქვთ. მუსიკოსები თუ არიან დაინტერესებული ქართული ინსტრუმენტებით?

ცოტა ხნის წინ ფრანგებმა დიპლიპიტოსთან ერთად დაირა წაიღეს, ორი დაირის წაღება უნდოდათ – სტანდარტულის და ბასდაირის, თუმცა აქაც ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა და არჩევანი სტანდარტულ დაირაზე შეაჩერეს, მაგრამ დამპირდნენ, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ და კიდევ შეიძენდნენ ჩემთან ინსტრუმენტებს.

– ქართველები თუ ინტერესდებიან თქვენი ტექნოლოგიის შესწავლით?

– ბათუმის ხელოვნების სკოლა იყო დაინტერესებული ჩემთან თანამშრომლობით, მაგრამ ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული… ამჟამად მოლაპარაკების და გამოსავლის ძიებაში ვართ. მე დიდი სურვილი მაქვს დავტოვო ახალგაზრდები ვინც ჩემს საქმეს გააგრძელებენ, მაგრამ, როგორც გითხარით, სახელოსნო ჯერ არ არის იმ კონდიციამდე მიყვანილი, რომ სტუდენტების მიღება შევძლო, თუმცა, არის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც როგორც კი დათბება, ჩემთან ივლისს, ამ ეტაპზე ერთი ბავშვის მიღება შემიძლია.

მიხარია, რომ სხვა ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ და მელოდებიან, ბევრ კითხვას მისვამენ, იკვლევენ ინფორმაციას ამ ინსტრუმენტის შესახებ… იმედი მაქვს, რომ მოკლე დროში ავისრულებ სურვილს, გავმართავ სახელოსნოს და ჩემ ცოდნას გადავცემ მომავალ თაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები