ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპის ციფრული და მედიაწიგნიერების კვირეულში მონაწილეობდა
ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობით, ევროპის ციფრული და მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო და მედიაორგანიზაციების წევრებმა მოსახლეობის წიგნიერების ამაღლებისა და მედიაგანათლების, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების განვითარების სფეროში განხორციელებული და მომავალი საქმიანობის მიმოხილვა წარმოადგინეს.
კონფერენციის თემები იყო: ციფრული და მედიაწიგნიერების მნიშვნელობა კონფლიქტების პერიოდში, პოლიტიკური გარემოს ცვლილებები და დემოკრატიის გამოწვევები მედიაში, ახალი ამბების როლი საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაში, „დეზინფორმაციის ცხადყოფის მეთოდები ონლაინპლატფორმების ავტორების მიერ, ციფრული და მედიაგანათლება, როგორც სოციალური პროექტი, ციფრული განათლება გლობალურ პერსპექტივაში, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა წიგნიერების სფეროში და სხვა.
„კონფერენციის ფარგლებში ორი სესია დაეთმო ევროპის ბიბლიოთეკების საქმიანობას მედიაწიგნიერების განვითარებისა და მედიასთან თანამშრომლობის თემაზე.
კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარმა სპეციალისტმა, ანგლოამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორმა მაია სიმონიშვილმა ისაუბრა საქართველოში ბიბლიოთეკების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, საქართველოში განხორციელებული მედიაწიგნიერების პროგრამებზე, ასევე ბიბლიოთეკის, როგორც მოსახლეობის წიგნიერების ამაღლების ხელშემწყობი დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობის შედეგებზე“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული ბრიუსელის ევროპის ციფრული და მედიაწიგნიერების კონფერენცია – 2024 ითვალისწინებდა საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაცვლას, ახალი ინიციატივების, პროექტებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, ევროკავშირის, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი რეკომენდაციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, დეზინფორმაციის დაძლევისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის თანამშრომლობის განვითარებას მომავალში.