1866 წ. 4 მარტს პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთის „დროება“ I ნომერი გამოიცა

პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი „დროება“ 1866 წ. 4 მარტს დაარსდა თბილისში. დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო გ. ე. წერეთელი.

1866–74 წლებში გაზეთი გამოდიოდა კვირაში ერთხელ, 1875–77 წლებში კვირაში სამჯერ, 1877- წლიდან კი ყოველდღიურად. „დროებამ“ “საქართველოს მოამბის” საუკეთესო ტრადიციები განაგრძო . გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული კულტურის ერთ-ერთ ცენტრად. მან უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში. „დროებამ“ ახალი ეტაპი შექმნა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიაში. ასევე  ხელი შეუწყო ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას. „დროება“ XIX ს. II ნახევრის ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა.

გაზეთთან თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ს. მესხი, პ. მელიქიშვილი, პ. უმიკაშვილი, ი. მაჩაბელი, დ. მიქელაძე, ნ. ნიკოლაძე, კ. ლორთქიფანიძე, ა. ყაზბეგი, ა. ფურცელაძე და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთელი (1866– 69), ს. მესხი (1869 წ. 17 აპრილიდან 1873 ივლისამდე, 1874 ოქტომბრიდან 1883- მდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 ივლისიდან 1874 ოქტომბრამდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880–81), ი. მაჩაბელი (1883-იდან). გამომცემლები – ს. მელიქიშვილი (1866–82), გ. ქართველიშვილი (1883-იდან).

აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, 1885 წ. 16 სექტემბერს „დროება“ დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები