ტყვიის სროლაში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიმართა გუნდური ტურნირი ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ტყუპის – მარიამ და სალომე ფროდიაშვილებისა და მარიამ აბრამიშვილის შემადგენლობით.
გოგონათა ნაკრები ფინალში გერმანელ სამეულს დაუპირისპირდა და შეჯიბრება ანგარიშით 14:16 დათმო. ქართველმა ტყვიის მსროლელებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბრინჯაოს კი აზერბაიჯანელები დასჯერდნენ.
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დღეს დაასრულა. 2024 წლის კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიული შედეგი აჩვენეს – მათ სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შერეულ წყვილებს შორის მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ოქროს მედალი მიიღეს. პირველი ადგილი დაიკავა ახალგაზრდებს შორის საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მარიამ ფროდიაშვილის, მარიამ აბრამიშვილისა და სალომე ფროდიაშვილის შემადგენლობით. პირად პირველობაზე ევროპის ჩემპიონობა იზეიმა მარიამ ფროდიაშვილმა. 29 თებერვლიდან კონტინენტის პირველობაზე მედლების მოპოვებას უკვე უფროსი ასაკის სპორტსმენები შეეცდებიან.