ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ლუკა  ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მათ მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო – 71,53 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი 107,79 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად, 179,32 ქულით, ოქროს მედლები მოიპოვეს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ამერიკელებმა დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა უკვე მეორედ იზეიმა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში პირველი ოქრო მან 2022 წელს  მეწყვილე  კარინა  საფინასთან ერთად მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ 1 მარტს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს ინგა გურგენიძე, რომელიც მოკლე პროგრამაში მიღებული 62,28  ქულით  მე-7  ადგილზეა. ამავე დღეს ყინულზე სპორტულ ცეკვებში მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი იასპარეზებენ. 2 მარტს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს კონსტანტინე სუპატაშვილი, რომელმაც მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 63,99 ქულა დაიმსახურა და მე-19 პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები