შალვა ძნელაძის მუზეუმში აზიელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა გაიმართება
2 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, 15.00 – 20.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმში, აზიელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ეკა უფლისაშვილის მფლობელობაში არსებული აზიელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები.
გამოფენაში მონაწილეობენ: რამის აბილმაჟინოვი (დიდი კოლექცია), ირმა კუხიანიძე, ნინო ფერაძე, ნიკო ხერკელაძე, ლევან მოსიაშვილი, შალვა ფაჩოშვილი.
გამოფენის კურატორია ნანა ზაალიშვილი.
მოკლე ცნობები რამის აბილმაჟინოვის შესახებ:
რამის აბილმაჟინოვი დაიბადა 1986 წელს ყირგიზეთში, ბიშკეკში. 2002 წელს ჩაირიცხა ჩუიკოვის სახელობის ხელოვნების სკოლაში დიზაინის ფაკულტეტზე. 2005 წელს ჩაირიცხა ტ.სადიკოვის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, თეატრისა და კინოს ფაკულტეტზე, პროფესიონალური ხატვა დაიწყო 2007 წელს,
მონაწილეობდა სხვადასხვა რესპუბლიკურ გამოფენაში, პერსონალური გამოფენა ჰქონდა 2011 წელს.
ხატავს პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს სხვადასხვა თემაზე, ხატავს არა მხოლოდ ფუნჯით, არამედ პალიტრის დანით (მასტიხინით). ნამუშევრები შესრულებულია ე.წ. „შუშის ეფექტით”.
მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში მსოფლიოს მასშტაბით.
ამჟამად მუშაობს ოპერისა და ბალეტის თეატრში, განსაკუთრებით რთულ ისტორიულ კოსტიუმებზე.
„მუზეუმი მადლობას უხდის ეკა უფლისაშვილს, მის საკუთრებაში არსებული კოლექციის ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენისთვის.
გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ შექმნილ განსაკუთრებულ ნამუშევრებს, დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს და სასიამოვნო დროს გაატარებთ ჩვენთან ერთად, განსხვავებულ და მშვიდ ატმოსფეროში“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.
დასწრება თავისუფალია.