იუნკერთა ხსოვნის დღე – “და უძრავ იყო თებერვლის ღამე…”

საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება. 1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში რამდენიმე ასეული იუნკერი დაიღუპა, მას შემდეგ რაც 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის სამწლიანი არსებობის შემდეგ, რუსეთის მე-11 არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

საქართველოს ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა გადამწყვეტი ბრძოლა თბილისის კარიბჭესთან გაემართა. 19 თებერვალს თბილისში უკვე ისმოდა რუსული არმიის ქვემეხების ხმა. ქართულმა არტილერიამ მას ენერგიული პასუხი გასცა. 2-3 დღეში ქართველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ 1500 ადამიანი დაატყვევეს. კავალერიის უქონლობის გამო ქართული ჯარი ვერ დაედევნა მოწინააღმდეგეს, რამაც წითელ არმიას მისცა დასვენებისა და გადაჯგუფების დრო. მთავრობისა და სამხედრო შტაბის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი, დემორალიზაცია შეიტანა ფრონტზე და პანიკა დათესა მოსახლეობაში. 25 თებერვალს წითელი არმია დაცლილ თბილისში შევიდა

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

“თავისუფალ სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე  დაღუპულ გმირთა დაკრძალვა მოხდება 23 თებერვალს, დღის 12 საათზე , სამხედრო ტაძრის გალავანში, ძმურ საფლავში”წერდა გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” 1921 წლის 23 თებერვალს.

2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები