მესტიაში „გემო ფესტი“ ჩატარდება
24-25 თებერვალს, სვანეთში, მესტიაში, უკვე მეორედ, „გემო ფესტი“ გაიმართება – გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.
ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. „გემო ფესტის“ მასპინძლებს შორისაა მესტიის აეროპორტი.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში, გამოცდილმა შეფმზარეულებმა „გემო ფესტში“ მონაწილეებს კერძების არჩევისას და მომზადებისას რეკომენდაციები გაუწიეს.
„გემო ფესტის” მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდა.