ღირსი მამაჲ ჩვენი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე (VI)

დღეს წმიდა ევაგრეს ხსენების დღეა.

ღირსი ევაგრე მონაზვნად აღკვეცამდე ციხედიდის მთავარი იყო. ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე იყო.

ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა ერთ გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: „კაცი ვარ უცხოჲ და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა ამას შინა მცირესა, რაჲთა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა“. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა“. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოების სიმძიმეს ვერ იტვირთავდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: „დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო“.

ღირსმა შიომ წმიდა ევაგრეს კვერთხი მისცა და უბრძანა: „კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკუარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ ჴმელად, და წარვედ სახედ შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი“. წმიდა ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და წმიდანი მშვიდობით გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე.

სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულს გამოემშვიდობა და მამა შიოსთან დაბრუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა.

მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი და ერთგული მთავრის მონაზვნად აღკვეცა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევგარე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლოებინა, მაგრამ ღირსმა მამამ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე“. ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვებული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვრიველი ბერის წინაშე დაიჩოქა.

ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა მეფისათვის დამახასიათებელი გულუხვობით დიდი შესაწირავი გაიღო მონასტრისათვის, რომელთა შორის იყო ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარება, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი, ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოთხი დაბა…

ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. მრავალნი, საღვთო შურით აღვსილნი, ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და სამონაზვნო სქიმით იმოსებოდნენ. როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: „გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხოვრებისა თქუენისათჳს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღჳმესა შინა, რომელი შევზადე საყოფელად და საფლავად ჩემდა“. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია.

წმიდა ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა „ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებრ სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინაცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა“, – შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: „უკეთუ მორჩილ გუექმნამ ფრიადი სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდება მას უხილავსა“. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით. დაკრძალულია შიო მღვიმის მონასტერში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ხატწერა შოთა ცინცაძის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები