მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი ისტორიული და იშვიათი გამოცემა დაიდებს ბინას

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ესპანეთში იმყოფებიან.

14 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოში ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებით რწმუნებულ ნატო ჩიქოვანთან ერთად ქალაქ მადრიდში მდებარე  ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრნენ. მათ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს  ქართული წიგნები გადასცეს საჩუქრად.

ქართველმა ბავშვებმა შეხვედრაზე ქართული სიმღერები შეასრულეს და სტუმრებისადმი მადლიერება ასე გამოხატეს.

15 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ესპანეთში საქართველოს კონსულთან თეიმურაზ ბასილაიასთან ერთად მადრიდის ბუკინისტური მაღაზიები დაათვალიერეს.

„მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიგელ დე სერვანტესის „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელის“ ერთ-ერთი ისტორიული და იშვიათი გამოცემა დაიდებს ბინას. ჩვენი ფონდის ნაწილი გახდება აგრეთვე XVI საუკუნის დასაწყისში დაბეჭდილი ერთ-ერთი ცნობილი ავტორის უნიკალური წიგნი. მას შემდეგ, რაც ეს გამოცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ყველაზე ძველი გამოცემის თარიღი რამდენიმე ათეული წლით უკან გადაიწევს“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია ესპანეთის სამეფოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები