მირქმა — მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

„მირქმა“ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მიხუტებას, მკერდზე მიკვრას. საღვთისმეტყველო გააზრებით კი მირქმა არის ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული.

შობიდან ორმოცი დღის შემდეგ, მოსეს სჯულის თანახმად, ქრისტე იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ამავე დროს დედა ღვთისმშობელმა შეასრულა განწმენდისა და მსხვერპლშეწირვის წესი. ამიტომ ქრისტეშობიდან ორმოცი დღის შემდეგ (2/15 თებერვალს) ეკლესიაში ვდღესასწაულობთ უფლის მირქმას (ე.ი. შეხვედრას).

ყრმა ქრისტეს შეხვედრა მოხუც სიმეონთან და წინასწარმეტყველ ანასთან (ლუკა, 2:22-38) ამ დღესასწაულის მთავარი მოვლენაა. სიმეონს უწყებული ჰქონდა „სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ“, და სულწმინდით შთაგონებული იგი ტაძარში მივიდა, სადაც შეხვდა ახალშობილ მესიას, აიყვანა იგი ხელში და წარმოთქვა სიტყვები, რომლითაც დღემდე იგალობება ყოველი მწუხრის დასასრულს:

„აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა.“

ამ საოცარი სიტყვების შესახებ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: “იგივე სიტყვები უნდა წარსთქვას ყოველმა ქრისტიანმა კაცმა, როდესაც მოიწევა დღე მისი აღსასრულისა. თუ ღმერთმა შენ, ძმაო, მოგცა ქვეყანასა ზედა გრძელი და შვიდობიანი ცხოვრება, თუ შენ გიყვარდა ღმერთი და, რაოდენიც ძალ-გედვა, ემსახურე მას, აღასრულე ქვეყანასა ზედა სულიერი შენი მოვალეობა, კეთილს საქმეს იქმოდი და მით ადიდებდი ღმერთს შეძლებისდაგვარად შენისა, მაშასადამე, შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონს მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესო ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია. მაშ შენც, როდესაც მოიწიოს ჟამი შენის აღსასრულისა, არ შეგეშინდეს, არამედ თამამად წარსთქვი სასოებითა, მშვიდობიანითა გულითა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში, რამდენიმე წლის წინ, პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში შემორჩენილი ძველი წესის, – „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა გათვალისწინებით.

შედგა მსახურება, რომელიც სადღესასწაულო ლოცვის (ზოგან კი მეორე დღეს წირვის) დამთავრების შემდეგ სრულდება, ხდება სანთლების კურთხევა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა, ტარდება პანაშვიდიც.

სვანეთში შემორჩენილი ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადის მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები, (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც ასევე სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. ერთ-ერთი ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა. (ეს ანთებული სანთლები ასევე  მიგვანიშნებს 5 გონიერ ქალწულზე, რომლებიც სული წმინდის მადლით იყვნენ შემოსილნი).    ბოლოს ყველანი მიდიან სასაფლაოზე, რათა მიცვალებულებს ახარონ უფლის განკაცება.

წმინდა სვიმეონის სახით ძველმა აღთქმამ განცხადებულ ღმერთს შეაგება  ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე,  რომელმაც დაასრულა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ძველი აღთქმის პერიოდი.  შემდეგ    სათავე დაედო ახალი აღთქმის ეპოქას.

მირქმის დღესასწაული თავდაპირველად უფრო განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. მაგალითად, იერუსალიმის ეკლესიაში მას გამორჩეულად ზეიმობდნენ:    სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობას აწყობდნენ,; ბოლოს    კი პანაშვიდს იხდიდნენ, რათა მიცვალებულებისთვისაც ეხარებინათ მაცხოვრის ტაძრად მობრძანება.

სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც,- შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები,    ახალშობილ იესოს და წმ. სვიმეონ მიმრქმელს შეავედრონ გარდაცვლილი წინაპრები,  ახლობლები… და წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსათვის.

მირქმის მადლი გეწეოდეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები