8 თებერვალს თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა
1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა. მას მოგვიანებით, იმავე წლის 3 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა. მაშინ ეს იყო პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში.
მანამდე, 1917 წელს, უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც ეს საქმე ითავა. ამ საზოგადოების წევრები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, პეტრე მელიქიშვილი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, კორნელი კეკელიძე და სხვები.
უნივერსიტეტის პირველ რექტორად სახელოვანი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი წარადგინეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უმაღლესი სასწავლებელია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ფოტოებზე – უნივერსიტეტის პირველი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე უნივერსიტეტის შენობის ერთ-ერთი პირველი ფოტო და პირველი კურსდამთავრებული ექიმები.
📷 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა