“ჩემი საქმე კინოა, ფილმი უნდა გადავიღო და ამით ვთქვა ჩემი სათქმელი” – თენგიზ აბულაძე
ქართველი რეჟისორი თენგიზ აბულაძე 1924 წლის 31 იანვარს ქუთაისში დაიბადა. 1943–1946 სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი „დიმიტრი არაყიშვილი“ თენგიზ აბულაძე პირველი დამოუკიდებელი ფილმის გადაღებამდე რეზო ჩხეიძესთან ერთად მუშაობდა, მათი ერთობლივი ფილმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1955 წელს გადაღებული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ სწორედ ამ ფილმის სახელთანაა დაკავშირებული ქართული კინოს პირველი დიდი გამარჯვება ქვეყნის საზღვრებს გარეთ – ფილმმა მიიღო მთავარი პრიზი „ოქროს შტო“ კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე.
თენგიზ აბულაძის ფილმები „სხვისი შვილები“ „ვედრება“ „მონანიება“ „ნატვრის ხე“ „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“ გამორჩეული და სახასიათო პერსონაჟებითა და განსაკუთრებული სცენებით, ხალასი იუმორითა და სევდით დღეს ქართული კინო კლასიკაა, პერსონაჟთა სამეტყველო ენა, დიალოგები, ხასიათები დღეს ქართული კინოს ოქროს ფონდია. თენგიზ აბულაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მისი მოღვაწეობა კი ახალი ეპოქის დასაწყისია ქართულ კინემატოგრაფიაში.
რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა„მონანიება“ უბრწყინვალესი ფილმია, მაგრამ მის ასეთ წარმატებაში კონიუნქტურამაც ითამაშა როლი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ამის გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო”… „სტუდიაში მივიდა ორი „კაგებეშნიკი,” შეიყვანეს თენგიზი ოთახში და დაკითხეს. მერე სცენარი მოითხოვეს და წაიღეს. 37 წელი გვქონდა გამოვლილი. რა რეაქცია გვექნებოდა?! გვეშინოდა ძალიან. სახლში არაფერი ვთქვით, რომ ბავშვები არ აგვეფორიაქებინა, მაგრამ ჩვენ დაძაბულები ვიყავით“ იხსენებდა წლების შემდეგ რეჟისორის მეუღლე მზია მახვილაძე, მონანიების” მსოფლიო პრემიერა კანში გაიმართა 1987 წელს. ფილმმა კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. აღსანიშნავია, რომ ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ „დაბრუნდა“ „მონანიება“ გასულ წელს წარადგინეს სექციაში „კანის კლასიკა“.
31 იანვარი კლასიკოსი ქართველი რეჟისორის დაბადების დღეა, რეჟისორის, რომელიც ამბობდა “ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოს. ჩემი საქმე კინოა, ფილმი უნდა გადავიღო და ამით ვთქვა ჩემი სათქმელი” თენგიზ აბულაძემ მთელი ცხოვრება თავისი შემოქმედებით იარა იმ გზით, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულამდე მიიყვანა.