პატარა ეპიზოდები დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან
30 წლის სამხედრო მოსამსახურე დავით კლდიაშვილი ერთ-ერთი შვებულების დროს სოფელ ხომულს სწვევია, სადაც აზნაურ პავლე მაჭავარიანის ქალიშვილი – მარიამი გაუცნია, რომელიც შემდეგ მისი ერთგული თანამეცხედრე გახდა. მარიამი თურმე ამტკიცებდა, რომ ეს “პატარა ოფიცერი” სიზმარში ჰყავდა ნანახი. განათლებული და მომხიბლავი მარიამი მეუღლეს მუდამ მხარში ედგა – მაშინაც, როცა სამხედრო სამსახურის დროს სიფიცხე მოუვლიდა და მაშინაც, როცა წერით გადაღლილს სიმშვიდე და ხელის შეწყობა სჭირდებოდა. დავითიც საოცრად ნაზად ეპყრობოდა მეუღლეს. შემორჩენილია წერილი, რომელიც ბორჯომში სამკურნალოდ ჩასულმა დავითმა ოჯახის წევრებს სიმონეთში მისწერა. ამ წერილში მწერალი, ჩვეული იუმორით, მითითებებს იძლევა, როგორ უნდა აღნიშნონ მისი მარიამთან შეუღლების დღე: “ევალება ყველას, მის შვილებს და გაზრდილებს! ეს დღე იდღესასწაულონ. შედგეს კომისია. ბავშვებო, რომლებიც ხართ მანდ! მარიობის მეოთხე დღეს შესრულდება 35 წელიწადი, რაც დედათქვენმა ჩვენს ოჯახში შემოდგა ფეხი და გვემსახურება, ვაპატიოთ მისი სისულელე, რომ თავისი თავი დავიწყებული ჰყავდა ყოველთვის და მთელი ეს დრო იმაში გაატარა, რომ ჩვენ გვაკვდებოდა და დღესაც გვაკვდება. გავალებთ: ამ დღეს, ე.ი. მარიობას ძველი სტილით, გაუმართოთ შინაური იუბილე, რომელს მე ვერ დავესწრები. იმ დღეს ჩემი სული, გული და გონება თქვენთან იქნება.”
დავითი მეგობრობდა სიმამრთანაც – პავლე მაჭავარიანთან, საოცრად მადლიან ადამიანთან, რომლის სახლიც მუდამ სავსე იყო სტუმრებით, ღარიბი ნათესავებით და მეზობლებით. სიძეც ხშირად სტუმრობდა პავლეს, უყვარდა მასთან საუბარი, ხშირად აკვირდებოდა მის ნაცნობებს და დიალოგებს და სიუჟეტებს საკუთარ მოთხრობებში აცოცხლებდა. – ვერა ხარ კარგი კაცი. ამ მოთხრობაზე უნდა მიგეწერა: “მოთხრობა დავით კლდიაშვილის და პავლე მაჭავარიანის!” – სიცილით უთქვამს აღტაცებულ სიმამრს სიძისთვის “სამანიშვილის დედინაცვლის” წაკითხვის შემდეგ – ამ ნაწარმოებში ხომ მან საკუთარი მონათხრობი და ახლობლები ამოიცნო.
მართლაც საოცრება მოახდინა “სამანიშვილის დედინაცვლის” დაბეჭდვამ. პეტრე უმიკაშვილს საყვედური უთქვამს მწერლისთვის: „- მე შენ ხმას არ გცემ! რიგიანი კაცი მეგონე, თურმე კი ზარმაცი, ამჩატებული, უხეირო ყოფილხარ. ასე მალე დაათავე სამანიშვილის მოგზაურობა!..
გადმოვიყვანდი ქართლში, იქიდან კახეთში – რა სურათი იქნებოდა! შენ კი ასე მალე მოანახვიე დედინაცვალი!“ – ეუბნებოდა და თან გულიანად იცინოდა – შენი ჭირიმე. რა ლაზათიანად გაქვს დაწერილიო!
მოკლედ, დავითს საკუთარი ნიჭით აღტაცებაში მოჰყავდა საზოგადოება. მასზე აუგის მთქმელ ადამიანს ვერ შეხვდებოდით, სანთლით რომ გეძებნათ. საოცრად სწორად წერდა სერგო კლდიაშვილი მამის გარდაცვალების შემდეგ: “გამოვიტირეთ მამა კიბის უკანასკნელ საფეხურზე და ჩვენი აღარ იყო იმ წუთიდან, როცა სოფლის ორღობეებით ხალხმა წაიღო მისი კუბო თბილისისკენ მიმავალ მატარებელში მოსათავსებლად. ამიერიდან მისი ჭირისუფალი საქართველო იყო.”
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან