ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას საქართველოს წარმომადგენლები შეუდგნენ
განგვონში მიმდინარე ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების პირველ საშეჯიბრებო დღეს სარბიელზე გავიდნენ საქართველოს წარმომადგენლები.
ტრამპლინიდან ხტომაში გიორგი დიაკონოვი პირველ ცდაზე 63,5 მეტრზე (23,6 ქ) გადახტა, რაც 39-ე ადგილისთვის იყო საკმარისი. უკეთესი გამოუვიდა მეორე მცდელობა – 77,5 მეტრზე გადახტა (49,3 ქ) და 32-ე ადგილი ერგო, თუმცა ჯამში დაგროვილი 72,9 ქულით ასპარეზობა 36-ე ადგილით დაასრულა.
ტრამპლინიდან ხტომაში, სამწუხაროდ, უშედეგოდ დაასრულა გამოსვლა ესმირალდა ალიევმა.
წარუმატებელი გამოდგა ორადგილიანი ციგით ასპარეზობაც. საბა ხაჩიძის და ლუკა მიქაბერიძის წყვილმა ვერ დაასრულა გამოსვლა.
განგვონის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრებო დღეს „ალპენსიას სასრიალო ცენტრში“ ერთადგილიანი ციგით იასპარეზა საბა ხაჩიძემ და საყურადღებო შედეგიც დააფიქსირა.
16 წლის ქართველმა მოციგავემ პირველი დაშვებისას 47.485 წამში გადაკვეთა ფინიშის ხაზი და 22 მონაწილეს შორის მე-9 ადგილზე გავიდა. შედარებით ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა მეორე მცდელობისას (47.651), რამაც მას მე-14 ადგილი მოუტანა, ორივე დაშვების ჯამში კი მე-13 ადგილზე (1:35.136) დაასრულა განგვონში გამოსვლა.