სანდრო ნებიერიძე საფრანგეთში სამ სოლო კონცერტს გამართავს
19-21 იანვარს, საფრანგეთში, ქალაქ სერჟიში, სანდრო ნებიერიძე მართავს სამ სოლო კონცერტს, სადაც რახმანინოვის, შოპენის, რაველის და კაპუსტინის მუსიკის გარდა, საკუთარ საფორტეპიანო პიესებსაც შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად სანდრომ გაავრცელა.
“მივეშურები საფრანგეთში, სადაც 19-21 იანვარს, პარიზის მახლობლად, ქალაქ სერჟიში სამ სოლო კონცერტს შევთავაზებ მსმენელს, რომელშიც რახმანინოვის, შოპენის, რაველის და კაპუსტინის მუსიკის გარდა, ჩემს საფორტეპიანო პიესებსაც შევასრულებ.
ამ კონცერტების ბმულებს ვურთავ პოსტზევე, დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ ყველას ვინც კი მოახერხებს და დაესწრება!
თებერვლის დასაწყისში კი ძვირფას საქართველოში დავბრუნდები და შევეცდები ყველა მოგინახულოთ! ❤️”, – წერს სანდრო ნებიერიძე.