რატომ დაწვა იაკობ გოგებაშვილმა ოფიციალური დოკუმენტები და ვისთან ერთად შეუდგა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ორგანიზებას

იაკობ გოგებაშვილმა, ამ დინჯმა და დარბაისელმა კაცმა ბობოქარი ახალგაზრდობა განვლო. 1874 წელს, როდესაც იაკობი თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა, ე.წ. უწმიდესი სინოდის ობერპროკურორის რწმუნებულმა კერსკიმ დაწესებულების შემოწმება განიზრახა. იაკობს, სწორედ იმ დროს, დაავადებულმა ფილტვებმა შეახსენა თავი და სასწავლებელში ვერ გამოცხადდა. ამით ისარგებლა სასწავლებლის ადმინისტრაციამ და კერსკის რევიზიის შესახებ მოხსენებაში დააწერინეს, რომ „იაკობ გოგებაშვილი თავის ბინაზე აწყობს ახალგაზრდობის ფარულ კრებებს, აკითხებს მათ უარყოფითი მიმართულების წიგნებს და უმუშავებს მათ ანტირელიგიურ შეხედულებებს“, მოკლედ, პედაგოგი ორგულობასა და სეპარატიზმში დაადანაშაულეს.

იაკობი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პირი. ეს ფაქტი მის ჯანმრთელობაზე საშინლად აისახა. ძალიან აღელდა, აფორიაქდა, ადგილს ვერ პოულობდა… სწორედ იმ დღეებში, ნიკო ცხვედაძის ძმა, სანდრო, ვერის დაღმართთან, მტკვრის ნაპირას არასასიამოვნო სცენას შეესწრო. ვიღაც კაცმა უკან მოიხედა, პირჯვარი გადაისახა და მტკვრის ტალღებს მისცა თავი. სანდრო წამსვე, დაუფიქრებლად გადამხტარა მდინარეში, მოუხერხებია წყალწაღებულის შველა, ნაპირზე გამოუყვანია და ამის შემდეგღა უცნია იაკობ გოგებაშვილი…

იაკობი თვეზე მეტხანს მკურნალობდა მიხეილის საავადმყოფოს ნერვულ დაავადებათა განყოფილებაში. მოკეთებულა, დამშვიდებულა. ნიკო ცხვედაძეს თავისთან წაუყვანია მეგობარი და ცივ ნიავს არ აკარებდა თურმე.

სახელმწიფო სამსახურს რომ აღარ დაბრუნებოდა, იაკობმა, იმ დროისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – დაუფიქრებლად დაწვა აკადემიიდან მიღებული მოწმობა, სემინარიის დამთავრების ატესტატი, შრომის წიგნაკი და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გარეშე სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობა არ შეიძლებოდა… სამაგიეროდ, ნიკო ცხვედაძესთან ერთად, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ორგანიზებას შეუდგა…

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები