1924 წლის 9 იანვარს კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი დაიბადა

„…რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი. მიყვარდა – ვლაყბობდი – ვიხიბლებოდი – რაღაც შევიმეცნე – ცოტა რამ გავაკეთე – მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან…“

1924 წლის 9 იანვარს თბილისში დაიბადა კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება პოვა ფერადოვნებით, განსხვავებული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი ,„ბროწეულის ფერი“ (1969),რომელიც ფარაჯანოვის საკულტო ნამუშევარია, თბილისელი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. აღსანიშნავია, რომ ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა.

საბჭოთა მთავრობამ ის 1973 წელს დააპატიმრა და გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

“მე ტყვეობაში ვარ და არა პატიმრობაში. ეს ჩემი საუკეთესო წლებია ეს მეტია, ვიდრე ოქსფორდი და ასპირანტურა. ეს კონტაქტებია სისასტიკესთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან და რა, თუკი საერთოდ ვეღარ ვიხილავ თავისუფლებას.

განა ეს მისია არაა?”

“შენ თვლი, რომ მე პატიება უნდა დავწერო. ნუთუ ფიქრობ, იმისათვის ჩამსვეს, რათა ეპატიებინათ?

ვინ წავა ამაზე და რატომ?

რაში ვარ დამნაშავე?

ვინ იყვნენ ჩემი მოწმეები, დაზარალებულები, ჩემს მსხვერპლად რომ გაითამაშეს თავი?

ეს აუხსნელია. მე თავს კი არ უნდა ვუშველო, არამედ უნდა დავიღუპო. ეს ჩემი მისიაა.” – წერდა სერგო ფარაჯანოვი პატიმრობიდან.

ფარაჯანოვის დაპატიმრება  ცნობილმა ადამიანებმა, ხელოვანებმა, მწერლებმა თუ რეჟისორებმა გააპროტესტეს, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის ჩარევის შემდეგ.

ფილმების გადაღება რეჟისორს აკრძალული ჰქონდა, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა”.

სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ორ ფილმზე: “შუშანიკის წამება” და “აღსარება”, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერც ერთი ვერ დაასრულა.

ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა ერევანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები