დღეს დიდი ნიკო კეცხოველის დაბადების და გარდაცვალების დღეა

ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი – ნიკო კეცხოველი, 1897 წლის 26 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში დაიბადა.

1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, ამავე კათედრის პედაგოგი. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა კათედრას. 1945-52 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1963 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი.

1917 წელს ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე იყო მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921–1924 წლებში იყო ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის წევრი და “დამკომი”–ს წევრი ახალგაზრდა ეროვნულ–დემოკრატთა ორგანიზაციიდან. 1921 და 1923 წლებში იყო დაპატიმრებული.

1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ჩამოცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობისა.

ნიკო კეცხოველი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა 1982 წლის 26 დეკემბერს, იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები