პარტნიორთა კონსორციუმი სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან კომიქსების ჟანრის განვითარების პროექტს ახორციელებს
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში პარტნიორთა კონსორციუმი სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან კომიქსების ჟანრის განვითარების პროექტს „ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში გამოიცემა სამი მწერალი ქალის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ერთობლივი კომიქსის წიგნი, რომელიც ასახავს სომეხი, ქართველი და უკრაინელი ქალების პერსპექტივას ომზე, მის გავლენას საზოგადოების და, კერძოდ, ქალების ცხოვრებაზე.
ილუსტრატორებისა და მწერლებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სემინარი და ვებინარი, მათ შორის, კომიქსების და გრაფიკული რომანების ილუსტრირების, სცენარის წერის, გრაფიკული ჟურნალისტიკის, PR-მარკეტინგისა და საავტორო უფლებების შესახებ.
პროექტის მონაწილე მწერლები არიან: ანი ასატრიანი (სომხეთი), ეკატერინე ტოგონიძე (საქართველო) და მარიჩკა პაპლაუსკაიტე (უკრაინა). კომიქსებზე მომუშავე ილუსტრატორები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით. კომიქსის წიგნის რედაქტორი კი იქნება მიხეილ ციხელაშვილი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მწერლებისა და ილუსტრატორების სამუშაო პროცესს.
პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის ორგანიზაციები არიან:
“ლიტერატურული ფონდი ARI” (სომხეთი), “ქართული ლიტერატურული ინიციატივა” (საქართველო), გამომცემლობა “კომორა” (უკრაინა).
პროექტის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები არიან: სულაკაურის გამომცემლობა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ელექტრონული წიგნები “საბა”, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, გამომცემლობა EDGE, ერევნის წიგნის ფესტივალი, კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი “არსენალი”, Radio Kultura, Chytomo.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის” თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში.