“მოკვდა სანდრო ისე, რომ გრძნობაში არ მოსულა. გამოსული მისი წიგნები კი საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა და აყვარებდა ხალხს მის დამწერს”

უკიდურესად ხელმოკლე ალექსანდრე ყაზბეგი სადაც, ვისთანაც ღამეს გაათევდა, ყველა აღნიშნავდა, რომ მას ძალიან ცოტა ეძინა და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში წერდა. ის ჯერ “დროების”, შემდეგ “ივერიის” აქტიური თანამშრომელი იყო. ავადმყოფობა დროდადრო მოუვლიდა ხოლმე. თბილისის ქუჩებში თავისი განუყრელი მეგობრით, მხარზე შემოსკუპებული მაიმუნით – ჟაკოთი დასეირნობდა. ჯერ სასტუმრო “პეტერბურგში” ცხოვრობდა, შემდეგ “დროების” რედაქციაში. როცა ავადმყოფობამ დარია ხელი, ღამის გასათევი თავშესაფარიც კი არ ებადა. მისი სიძე – ფურმანი მდიდარი კაცი იყო, მაგრამ შინ არ უშვებდა და სანდროც ხან სამზარეულოში, ხანაც დერეფანში ათენებდა. მას სამადლოდ აჭმევდნენ ადამიას სარძევეში. ერთხელაც ადამიამ ვალი მოსთხოვა, მანაც თავისი ლექსების რვეული მიუტანა, სამი მანეთის სანაცვლოდ დააგირავა. არავინ ეკარებოდა. თედო სახოკიას ცნობით: “უმეტეს დროს ატარებდა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წიგნის მაღაზიაში, სასახლის ქუჩაზე, იქ, საცა ამჟამად გრიბოედოვის სახელობის თეატრია. მაღაზიის გამგედ იყო ჩვენი საბავშვო პოეტი შიო ქუჩუკაშვილი (მღვიმელი). ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც უპატრონო ყაზბეგს ტკბილად დაუხვდებოდა, ადამიანურად გამოეხმაურებოდა, ცდილობდა, სულიერი და ხორციელი ობლობა შეემსუბუქებინა.”

1890 წელს ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, ერთხელ გამოწერეს კიდეც, მაგრამ მალევე უკან მიაბრუნეს. მისი ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა. ქალაქში კი მისი წიგნები იბეჭდებოდა და ყურადღებით, აღტაცებით ეცნობოდა და კითხულობდა მათ საზოგადოება. სწორედ ეს იყო ბედის ირონია, მის მიმართ ინტერესმა პიკს მაშინ მიაღწია, როცა თვითონ ვეღარაფერს გრძნობდა და სიცოცხლეს ემშვიდობებოდა.

“ამ დროს კიდეც გამოიცა მისი მოთხრობები ოთხ ტომად. გამოცემული წიგნები მიუტანეს ავადმყოფს. მან გადაშალა, დააჩერდა თავის პორტრეტს, მერმე ამოხია იგი, წიგნის ფურცლებიც მიხი-მოხია და გადაყარა იქით. მოკვდა სანდრო ისე, რომ გრძნობაში არ მოსულა. გამოსული მისი წიგნები კი საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა და აყვარებდა ხალხს მის დამწერს.” – დასძენს დავით კლდიაშვილი.

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები