ქართულ გალობას გადაშენება აღარ ეწერა…

იტალიური და ამერიკული ტურნეებიდან საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულ ფილიმონ ქორიძეს, რომელსაც ნახევარი მსოფლიო ფსევდონიმით – „კორიჯიოთი“ იცნობდა და ოვაციებს უმართავდა, ქართული გალობა გადაგვარებული და დამახინჯებული დახვდა. მხოლოდ ძველ, ცენტრს მოშორებულ მონასტრებში და ძირძველ ქართულ ოჯახებში თუ მოისმენდით ნამდვილ ქართულ საგალობლებს… ფილიმონმა მიზნად დაისახა ზუსტი ვარიანტების აღდგენა და სანოტო სისტემაზე გადატანა. ეს საშვილიშვილო საქმე იყო! მას გვერდში ამოუდგნენ დიდი მოღვაწეები – დიმიტრი ყიფიანი, აკაკი, გიორგი და ნესტორ წერეთლები, მელიტონ ბალანჩივაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ნესტორ კონტრიძე, მელქისადეკ ნაკაშიძე, ილია კიკნაველიძე და სხვები. ფილიმონს საოცარი ტემპით გადაჰქონდა გალობები, ქართული ხალხური თუ საერო სიმღერები ნოტებზე. ამ საქმეში მას მუსიკაში კარგად განსწავლული მეუღლე დაეხმარა. მათ დაამტკიცეს, რომ მანამდე  გავრცელებული წარმოდგენა – “ქართული მუსიკა ევროპულს, მისთვის უჩვევ და უცხო ნიშნებს – ნოტებს ვერ მოირგებს, ვერ შეითვისებს”, მცდარი იყო. მელიტონ ბალანჩივაძე კი მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბებაში დაეხმარა.

ფილიმონს სურვილი კლავდა გამოეცა შეგროვებული და ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ბანკში შენახული დანაზოგის იმედი ჰქონდა, მაგრამ ბანკი გაკოტრდა და მუსიკოსმა მთელი ფული დაკარგა… მაინც არ გაჩერდა, მიზნად ფინანსების მოძიება დაისახა. მის წამოწყებას ქართველი საზოგადო მოღვაწეები და სასულიერო პირები სიხარულით შეხვდნენ, სამაგიეროდ რუსმა ჩინოვნიკებმა და სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს ხელის შეშლა. მათ სათავეში სემინარიის ცნობილი რექტორი ივან ჩუდეცკი ჩაუდგა, სწორედ ის ჩუდეცკი, მოგვიანებით შეურაცხყოფილმა სემინარიელმა იოსებ ლაღიაშვილმა რომ გამოასალმა წუთისოფელს. მაგრამ სანთელ-საკმეველმა გზა არ დაკარგა – ფილიმონს მალე იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელიც (ქიქოძე) ამოუდგა გვერდში.

1895 წელს მაქსიმე შარაძის დახმარებით ფილიმონმა საქართველოში პირველად გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისთვის. ამაგდარი მუსიკოსი კი განაგრძობდა სოფელ-სოფელ ხეტიალს, ჩქარობდა დაუფიქსირებელი საგალობლების ჩაწერის მოსწრებას, რადგან ნიჭიერ მგალობელთა რიცხვი დღითი დღე მცირდებოდა. ეროვნული საქმე კი წინ მიიწევდა – ქართულ გალობას გადაშენება აღარ ეწერა…

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები