ქალაქ განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

მწერალთა სახლის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 4 დეკემბერს, პოეტის დაბადებიდან 206-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქართველი კლასიკოსი მწერლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ბიბლიოთეკას, რომლის კედელზეც პოეტის მემორიალური დაფა გაიხსნა, მწერალთა სახლისგან საჩუქრად ნიკოლოზ ბარათაშვილის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური, ლექსების საიუბილეო კრებული გადაეცა საჩუქრად.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ; ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში, რისი დასტურიც ეს ისტორიული მოვლენაა.

ღონისძიებაზე გაიმართა ქართული და აზერბაიჯანული სიმღერებისა და ცეკვების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქ. განჯის და ქ. კახის შემსრულებლებმა.

დასასრულ მონაწილეებს გადაეცათ მადლობის სიგელები და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების აზერბაიჯანულენოვანი თარგმანი.

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1844-1845 წლებში აზერბაიჯანის ქალაქებში – ნახიჩევანსა და განჯაში მოღვაწეობდა, სადაც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი პოეტი 48 წლის განმავლობაში ქ. განჯაში იყო დაკრძალული, საიდანაც1893 წელს გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. სამშობლოში დაბრუნებული პოეტის დაკრძალვა თბილისში ნამდვილ ეროვნულ მსვლელობად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები