ანა ცაგარეიშვილი: ამ ოცნების ქალაქში ჩემს მიზნებს აუცილებლად მივაღწევ

ანა ცაგარეიშვილის პირველი ნახატი ანიმაციური გმირი, მიკი მაუსი იყო, პირველად ხატვის იდეა კი სამხატვრო მუზეუმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. თავისი ყოველი ნახატი სკოლაში მიჰქონდა და მასწავლებელი მათ სამხატვრო გალერეაში აგზავნიდა. მაშინ ქუთაისში ცხოვრობდა… სამწუხაროდ, ერთი წლის წინ მის ოჯახს საქართველოს დატოვება მოუხდა და ის ახლა ნიუ-იორკში იმყოფება. პატარა ემიგრანტის – ანა ცაგარეიშვილის პატარა ისტორია.

ანა ცაგარეიშვილი: – „პირველად ხატვის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა მე და ჩემი მეგობრები ჩვენს დამრიგებელთან ერთად ექსკურსიაზე, სამხატვრო მუზეუმში წავედით. შენობაში შესვლისთანავე რაღაც განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. თითქოს ჩემს სახლში, საკუთარ სულიერ სამყაროში აღმოვჩნდი. თითქმის ყველა ნახატი რომელიც შესრულებული იყო მხატვართა მიერ, მათ ემოციას, პირად გრძნობებს და ხასიათს გადმოსცემდა. საოცარი ფერთა გამა, ოპტიმიზმი, სიხასხასე და მრავალფეროვნება იყო ის რამაც თითოეული იქ მყოფი დამთვალიერებელი მოაჯადოვა. მათ შორის გახლდით მეც. სახლში მისვლისთანავე ჩემი ემოციები და შთაბეჭდილებები ჩემს ოჯახს გავუზიარე. აღფრთოვანებით მოვუყევი დედას ყველაფერი, რაც ჩემმა თვალმა იხილა. იმ საღამოს დედას გავანდე ჩემი სურვილი, რომ მინდოდა მეც მესწავლა საოცარი ხელოვნება და დამეხატა ისეთი ნახატი, რომელიც დადებით ემოციებს გამოიწვევდა დამთვალიერებელში. ჩემს ოჯახში არავინ ხატავდა, მაგრამ ჩემს ნახატებს აფასებდნენ, მოსწონდათ და მე ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა. ისინი მიხვდნენ რომ მე ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი და რაც მათზე იყო დამოკიდებული, ცდილობდნენ რომ ყველაფერი შეექმნათ ჩემთვის.

სამწუხაროდ, სკოლის რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი სამხატვრო სკოლაში დამატებითი მეცადინეობის გავლას. შესაბამისად, საღამოობით, როცა დრო მქონდა ვიცოდი, რომ აუცილებლად რაღაც ახალი უნდა დამეხატა. პირველ ეტაპზე, ჩემი ბევრი ნახატი კრახით მთავრდებოდა, მაგრამ სანამ სრულყოფილ ნამუშევარს არ შევქმნიდი არ ვნებდებოდი.

ჩემი პირველი ნახატი ანიმაციური გმირი, მიკი მაუსი იყო, რომელიც მაშინ ძალიან მიყვარდა. ჩემი ყოველი ნახატი სკოლაში მიმქონდა და მასწავლებელი მათ სამხატვრო გალერეაში აგზავნიდა. სამწუხაროდ ერთი წლის წინ, მე და ჩემს მშობლებს საქართველოს დატოვება მოგვიწია და საცხოვრებლად ამერიკაში გადავედით. ჩვენი ქვეყნის მონატრება ყოველდღე გულით დაგვაქვს მე და ჩემს მშობლებს. გვენატრება საქართველო, განსაკუთრებით ქუთაისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მეგობრები, ნათესავები, სკოლა და მასწავლებლები, რომლებიც ყოველთვის იქნებიან ჩემს ცნობიერებაში…

რაც შეეხება ამერიკას, ეს ქვეყანა ჩემთვის სრულიად უცხო და გამორჩეულია თავისი ცხოვრების ჩქარი ტემპით. არ შემიძლია არ აღვნიშნო აქაური პედაგოგების და მეგობრების დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რადგან ისინი საოცრად გულღია და მეგობრულები არიან. მათგან არასოდეს მიგრძნია დამცირება, მიუხედავად იმისა რომ ახალი ვიყავი და ინგლისურად კომუნიკაცია ჩემთვის არც ისე მარტივი იყო – მაშინ ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. ცდილობდნენ, რომ ენა მალე ამეთვისებინა და მათთან კომუნიკაცია არ გამჭირვებოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა და ჩემთვის ყველაფერი გამარტივდა. ყველამ გამიცნო ჩემი ნამუშევრებით, რადგან ისინი ყველა მასწავლებლის და მათ შორის, დირექტორის კაბინეტშიც იმყოფება…

ამასობაში ეს საქმე ჩემი სულის ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვარ და გამოცდილება არც ისე დიდი მაქვს, მინდა აუდიტორიას გავაცნო ჩემი თავი და შევაყვარო ის, რასაც მთელი გულით ვაკეთებ. იმედია, ამ ოცნების ქალაქში ჩემს მიზნებს აუცილებლად მივაღწევ …“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები