ლიეჟის ლე დრაპიეს საგამოფენო დარბაზში აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ბელგიის ქალაქ ლიეჟის ლე დრაპიეს საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე  წარმოდგენილი 143 ექსპონატი –  აბრეშუმის პარკების, ქსოვილებისა და ძაფების ნიმუშები საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას ასახავს.  გამოფენის კონცეფციისა და დიზაინის ავტორია ბელგიელი მხატვარი ჟან-ლუკ პეტი.

მუზეუმმა წარადგინა ვიზუალური ხელოვნების ოსტატის, თამუნა ჭაბაშვილის, ორი ნამუშევარიც – „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ და „მოსასხამი“. ეს სხვადასხვა ბეჭდვის ტექნიკით შესრულებული ქსოვილის ინსტალაციაა, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის არქივით, მათ შორის – საბჭოთა პერიოდის ქსოვილებით არის შთაგონებული და სპეციალურად  გამოფენისთვის შეიქმნა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები