მიამარის სამყაროდ ქცეული გატეხილი გული
დღეს, ნიუ-იორკში გამართულ ხელოვანების ჯგუფური გამოფენის კიდევ ერთ მონაწილეს გაგაცნობთ, რომელმაც საზოგადოებას თავი მიამარის თოჯინებით გააცნო. ქართველი ემიგრანტი, მაია ჩერქეზიშვილი მოგვყვება როდის და რატომ დაიწყო თოჯინების ქსოვა და რატომ უწოდა მას მიამარი.
მაია ჩერქეზიშვილი: – „მიამარის თოჯინები მხოლოდ გატაცების შედეგად შექმნილი სათამაშოები არაა! მიამარის თოჯინები ჩემი და ტყუპისცალი დაიკოს დედმამიშვილობის სადღეგრძელოა! ჩვენ ერთად დავიბადეთ, ის 20 წუთით ადრე… ჩვენი ცხოვრების წიგნის ყოველ ფურცელსაც ერთად ვწერდით, ერთნაირები გვეცვა, თუმცა რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით – ის ბიჭებს გულშემატკივრობდა და მათთან მეგობრობდა, მე გოგოებისკენ ვიყავი. მარი ჩემი დამცველი იყო ყველასთან და ყოველთვის, რადგან ჩემზე გაბედულიც იყო და უშიშარიც. 39 წლის მერე ჩვენი დედმამიშვილობის წიგნის ფურცლების შევსება მარტოს მომიწია. ვერ დავამარცხეთ ვერაგი დაავადება და ამ მზისქვეშეთში ტყუპისცალი მართლა ცალად დავრჩი. მარიმ მხოლოდ ერთი მასავით თვალებმერცხალა გოგო დაგვიტოვა ნუგეშად…
თოჯინების ქსოვა ჩვენი დაშორებიდან რამდენიმე თვეში სწორედ იმ კოკროჭინა პატარა გოგოს გასახარებლად დავიწყე, ვინც ტიტინისას მიას მეძახდა და ახლაც ასე მომმართავს. ასე დაიბადა ჩემი შექმნილი თოჯინებისთვის კრებითი სახელიც – მიამარი.
ტყუპები კვლავ ერთად ვიყავით ჩემს ახალ გატაცებაშიც. თოჯინების ქსოვა ჩემს ახალ აღმოჩენად და სიყვარულად იქცა. იმ საქმეს, რომელსაც ჩემი დაიკოს სახელი დავარქვი, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მასავით თბილი, უღალატო, იმედის მომცემი, მზრუნველი, ფერადი და კეთილმოქმედი… ერთხელ მერილ სტრიპის სიტყვები ამოვიკითხე ერთ-ერთ ინტერვიუში – “აიღე შენი გატეხილი გული და ხელოვნებად აქციეო იგი”, ჰოდა, მეც ავიღე ჩემი გატეხილი გული და ის მიამარის სამყაროდ ვაქციე“.