ჰანოვერში საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ეგიდითა და ჰანოვერში დაფუძნებული გერმანულ-ქართული სახლის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
25 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ეგიდითა და ჰანოვერში დაფუძნებული გერმანულ-ქართული სახლის მხარდაჭერით, მე-18 საუკუნის ულამაზეს სამეფო ვილაში DMS Villa Herrenhausen საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
“ამ ორგანიზაციებსა და საქართველოს ემიგრანტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მიმდინარე წლის აგვისტოში და ნოემბრის მიწურულს უკვე განხორციელდა ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ლაიტმოტივად საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტის “პატრიოტი დიასპორელი” პრაქტიკა გასდევდა.
კონფერენციაზე განიხილეს თემები: ქართული სკოლების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება; მოტივირებული ლიდერის როლი; გერმანული განათლების სისტემის მახასიათებლები და თავისებურებები; ქართული საქმე საზღვრებს გარეთ; ინოვაციური სწავლების მეთოდები, სამომავლო თანამშრომლობითი პერსპექტივები და ა.შ.
საქართველოდან გერმანიას სტუმრობდა 25 წარმატებული პედაგოგი, მათ შორის ორი პატრიოტი სკოლის წარმომადგენელი: ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის პატრიოტი დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე და მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის პატრიოტი დამრიგებელი სოფო მეძველია.
მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები. პროექტის ფარგლებში, ქართველმა პედაგოგებმა ბერლინი მოინახულეს“, – ნათქვამია საქართველოს ემიგრანტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონფერენციას ჰანოვერში მასპინძლობდა “პატრიოტი დიასპორელის” იდეის ავტორი და ხელმძღვანელი, გერმანულ-ქართული სახლის დაფუძნების ინიციატორი და აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ნინო ციბაძე და საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვანელი საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის გენერალური დირექტორი, ქალბატონი მარი გეთიაშვილი.