ნატალია ტროჰიმმა საბავშვო წიგნზე „ზღაპარი შობის ვარსკვლავზე“ მუშაობა დაასრულა
უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და გამომცემელი, ნატალია ტროჰიმი, 2023 წლის ოქტომბრიდან მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრობს და ლიტერატურულ პროექტებზე მუშაობს.
მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში, მან დაასრულა საბავშვო წიგნზე „ზღაპარი შობის ვარსკვლავზე“ მუშაობა. წიგნი გვიყვება შობის ვარსკვლავზე, რომელსაც უკრაინისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს − ომამდე ქალაქ ლვოვში ყოველწლიურად შობის პერიოდში ვარსკვლავების დიდი ფესტივალი ეწყობოდა.
ნატალია ტროჰიმის თქმით, მისთვის შთაგონების წყარო გახდა უკრაინელ ფილოსოფოს გრიგორი სკოვოროდას ფრაზა: „ყველა უხილავი არანაკლებ დიდებულია, ვიდრე ხილული“. სწორედ ამიტომ, მწერალი მისსავე წიგნით ბავშვებს მოუწოდებს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის უხილავი ძალა, რომელიც მომავალში აუცილებლად იპოვის გამოვლენის ფორმებს.
გამომცემლობა: „კუნძული“
ილუსტრატორი: ლელა ცუცქირიძე
წიგნი ორენოვანია: პირველი ნაწილი არის უკრაინულ-ქართული გამოცემა, ხოლო მეორე − ქართულ-უკრაინულია.
ქართული ლიტერატურული საზოგადოება კარგად იცნობს უკრაინელ მწერალს, მთარგმნელს, ლიტერატურათმცოდნესა და გამომცემელს − ნატალია ტროჰიმს, რომელიც უკრაინაში წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პოეზიის ფესტივალებს, თარგმნიდა ქართულიდან უკრაინულ ენაზე და ასე ცდილობდა უკრაინულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.