“დაიჭირე პეპელა” ანუ აიხდინე ოცნება-ხვალ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა” იწყება
24, 25 და 26 ნოემბერს, თბილისში, საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა” გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალი გამოჩენილი რეჟისორის – სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ამასთან დაკავშირებით ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი “ამბავი სურამის ციხისა” (1984), შედგება ექსკურსია ფარაჯანოვის სახლ – მუზეუმში და ლექცია სემინარი “ფარაჯანოვი – ცხოვრება და შემოქმედება” (ლექტორი – იური მეჩითოვი)
ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია მასტერკლასები, ვორქშოპები და პრაქტიკული გადაღებები.
“ოქროს პეპელა 2023” ის საფესტივალო (საკონკურსო) ფილმები შეარჩია სასელექციო ჯგუფმა, ხოლო სხვა დანარჩენი ფილმები მონაწილეობენ პროგრამაში “დებიუტი”
ფესტივალს ჰყავს საერთაშორისო ჟიური, რომელიც გამოავლენს 2023 წლის ფესტივალის გამარჯვებულ ფილმს, რომელსაც გადაეცემა მთავარი პრიზი – “ოქროს პეპელა” და სერტიფიკატი. ჟიური, ასევე, გამოავლენს გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში, ესენია:
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
- საუკეთესო იდეა
- საუკეთესო სცენარი
- საუკეთესო რეჟისორი
- საუკეთესო ოპერატორი
- საუკეთესო მსახიობი გოგონა
- საუკეთესო მსახიობი ბიჭი
- საუკეთესო მონტაჟი
- საუკეთესო ვიზუალური ეფექტი
ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ მცირე ზომის “ოქროს პეპელა” და სერტიფიკატები.
საფესტივალო პროგრამა“
პირველი დღე – 24 ნოემბერი, პარასკევი
10:00 – ფესტივალის გახსნა (თბილისი,კინოს სახლი“ მის. ძმები კაკაბაძეების #2)
10:30 – 11:00 მსოფლიო კინემატოგრაფის და ქართული კინოს ღირსშესანიშნავი თარიღები
11:00 – 16:00 საკონკურსო ფილმების ჩვენებები
16:00 – ანიმაციური ფილმის შექმნის პროცესი (ვორქშოპი)
12:00 – 16:00 ფილმწარმოების საფუძვლები (ვორქშოპი)
მეორე დღე – 25 ნოემბერი, შაბათი
10:00 –12:00 ექსკურსია სერგო ფარაჯანოვის სახლ – მუზეუმში (თბილისი, ფარაჯანოვის ქ.#10)
13:00 – 16:00 ვორქშოპი „პრაქტიკული გადაღებები“ (თბილისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“ ა. ახმეტელის ქ.#10)
მესამე დღე -26 ნოემბერი, კვირა
10:00 – 12:00 ფესტივალზე შექმნილი ფილმების ჩვენება – შეფასება (თბილისი,კინოს სახლი“ მის. ძმები კაკაბაძეების #2)
14:00 – 16:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა (თბილისი,კინოს სახლი“ მის. ძმები კაკაბაძეების #2) ვაჟა ფშაველას გამზ. #1)
საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა” დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს, თბილისის “ევროპული სკოლის” საბავშვო – სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია შ.პ.ს კომპანია ოქროს პეპელა, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კულტურულ – საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ორგანიზება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, კინოსტუდია “ქართული ფილმი”, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაცია ECFA და თბილისის “ევროპული სკოლა”.
2011 წლიდან დღემდე ჩატარდა 12 ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობდნენ: ევროპის 22 ქვეყნის წარმომადგენლები, აგრეთვე მონაწილეობდნენ მოზარდები აზიის 12 ქვეყნიდან, სამხრეთ ამერიკიდან (2 ქვეყანა) და ჩრდილოეთ ამერიკიდან (2 ქვეყანა) და წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან.
ფესტივალის სლოგანია – “დაიჭირე პეპელა”, ანუ აიხდინე ოცნება.