ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანიამ “KN TV” ფილმის “La vita è bella” III სერიის გადაღება დაიწყო
ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანიამ “KN TV”, იტალიაში, ფილმის “La vita è bella” – “ცხოვრება მშვენიერია” III სერიის გადაღება, ოფიციალურად, 14 ნოემბერს დაიწყო. ფილმი იტალიურენოვანია, ქართული სუბტიტრებით და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტრადიციების გაცვლაა.
ფილმის მთავარმა რეჟისორმა, ჟურნალისტმა ქეთი ნოგიევამ „ქართულ კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მესამე სერიაში, იტალიელი მაყურებელი ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობა და ვირტუალურად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში იმოგზაურებს, ხოლო ქართველი მაყურებელი იტალიაში. ფილმის ნახვა, მალე იტალიურ ტელეარხზე იქნება შესაძლებელი.
ქეთი ნოგიევა: – ფილმის გადაღება პირველად ერთი წლის წინ დაიწყო. პირველი სერია ქ. რომში გადავიღეთ, ხოლო მეორე სერია ქ. ფლორენციაში. პირველი ორი სერია საქართველოს კულტურას, სამზარეულოს და ტრადიციებს შეეხო. პირველი სერია ქართველ ემიგრანტს, წარმატებულ შეფმზარეულს – თამარ ბაშარულს დაეთმო, რომელმაც იტალიელ მაყურებელს ქართული სამზარეულო გააცნო, ხოლო მეორე სერიის მთავარი გმირი ფლორენციაში, წმ. ნინოს ტაძართან არსებული ქართველი ემიგრანტებისგან დაკომპლექტებული ანსამბლი “ნანილა” და იტალიელი ისტორიკოსი, მწერალი ფრანჩესკო ტრეჩი გახლდათ.
– როგორც ვიცით, ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა…
– დიახ, ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში, ორივე ფილმმა ჯამში 200 000 -მდე ნახვა დააგროვა. გამოგვეხმაურენ, როგორც სხვადასხვა ქართული, აგრეთვე იტალიური მედიასაშუალებები. ერთ-ერთმა იტალიურმა ტელეარხმა “ცხოვრება მშვენიერია”, როგორც დოკუმენტური ფილმი ისე შეაფასა და კინოფესტივალზე წარდგენის კანდიდატად დაასახელა.
– სად მიმდინარეობს ფილმის მესამე სერიის გადაღება?
– ფილმის გადაღება სამხრეთ იტალიაში, ორ უმსხვილეს ღვინის ქარხანაში მიმდინარეობს. მე ოფიციალური მოწვევა მივიღე ქ. ჩიროს მერისგან, მარიო სკულგოსგან, რომელმაც მიმასპინძლა და მხარი დაუჭირა აღნიშნულ პროექტს. ქალაქის მერმა საქართველოზე და ქართულ ღვინოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს იტალიასთან საქართველოს ცნობიერების ამაღლებას და ურთიერთობების გაღრმავებას.
– სად და როდის იქნება ფილმის მესამე სერიის ნახვა შესაძლებელი?
ფილმის მესამე სერიის ნახვა შესაძლებელი იქნება KN TV- ის Youtobe გვერდზე და იტალიურ ტელეარხებზე. დეტალები ძალიან მალე ტელეკომპანია KN TV-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება.