გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონი და ხვიჩა ანანიძე ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, გიორგი თოხაძე (55 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში გიორგიმ ყაზახი იშხან ყურბაიევი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
გუშინვე, მსოფლიო პირველობაზე ხვიჩა ანანიძემ (77 კგ) მესამე ადგილისთვის იბრძოლა და კიდევ ერთი მედალი მოუტანა თავის გუნდს. ხვიჩა ანანიძე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების შედეგი ასეთი გახლავთ – გიორგი თოხაძე (55 კგ) ოქრო, რომეო ბერიძე (60 კგ) ვერცხლი, ხვიჩა ანანიძე (77 კგ) ბრინჯაო და გუნდური მე-3 ადგილი.