“ვაცნობიერებ რომ ამ მომენტში, ამ პლანეტაზე ყველა ადამიანზე მაღლა ვდგავარ თავზე კავკასიური ფაფახით” – ზურა კვესტაძის კიდევ ერთი წარმატებული ასვლა
ზურა კვესტაძის კიდევ ერთი წარმატებული ასვლა – პლანეტის VI ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ჩო ოიუზე, ასვლის ამბავს უფრო ვრცლად მის ჩანაწერში გაეცნობით.
“ტაშიდელი!
მეც აქედან მოგილოცავთ ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილეს!
უკვე დავტოვე ტიბეტი და მკაცრი ჩინური შეზღუდვები, აწი თავისუფლად შემიძლია გაგიზიაროთ ჩო ოიუს 8201, პლანეტის VI ყველაზე მაღალი მწვერვალის ამბები.
რამდენიმე წლიანი ჩაკეტვის შემდეგ წელს პირველად გახსნა ჩინეთმა ტიბეტის საზღვარი, ჩვენც ჩავდექით მთაზე ასვლის ნებართვის მისაღებად გრძელ რიგში, ეს რიგი კი იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით. ვიზის მოლოდინში ნახევარზე მეტმა საერთოდ გადაიფიქრა ასვლა, შემოდგომის სეზონი ისედაც მოკლეა ჰიმალაებში და დრო აღარ რჩებოდა. საზღვარი უმკაცრესი კონტროლის გავლის შემდეგ 21 სექტემბერს გადავკვეთეთ, უკვე სეზონის მიწურულს. საბაზო ბანაკში 5600-ზე პროგრამით გაწერილზე 4 დღით ადრე ავედი მზარეულის დამხმარესთან და ერთ შერპთან ერთად, მერე ამოვიდნენ დატვირთული იაკებიც და დავიწყეთ ბანაკის აწყობა. მეორე დღესვე გავედი პირველ ბანაკში 6400-ზე ბარგის ასატანად და ბანაკის მოსაწყობად – დასვენების დრო ნამდვილად არ იყო – ასე დაიწყო მთაზე ასვლის დამქანცველი სამზადისი, ბანაკები და საკუთარი ორგანიზმი უნდა მოვამზადოთ 8 ათასი მეტრისთვის.
მე-9 დღეს თოვაც შეწყდა და ამინდიც გამოვიდა, კიდე ერთხელ და ალბათ ბოლოჯერ გაჩნდა მთაზე ასვლის იმედი. მეორე დღესვე ჩავბარგდი და ბეისქემფიდან მე-2 ბანაკში ავირბინე 7100 მ-ზე. წინა დღეს რაციაზე გადმოგვცეს ჩვენი კარვის არც ისე სახარბიელო ამბავი. იქ მისულს კი კარავში დატოვებული ნივთების თოვლიდან ამოთხრა და კარვის დაჭრა მოგვიწია – ღამით შტურმზე უნდა გავიდეთ!
მალე ქედის ბოლოდან ნახევარ მთვარემ ამოყო თავი და პატარა ნაბიჯების დაგრძელებული ჩრდილები დაამჩნია ბუმბერაზ თეთრ მთას.
თენდება, მწვერვალისკენ ქარიც ძლიერდება.
წვერზე ასულებს თვალუწვდენელი პლატო დაგვხვდა – მწვერვალი უნდა ვიპოვოთ! ზუსტად ერთ საათში ევერესტიც ამოიწვერა ჰორიზონტზე და ბუდისტური დროშებიც გამოჩნდა. საბაზო ბანაკში ამოსვლიდან მე-11 დღეს მწვერვალზე ვდგავარ და დღესვე უნდა დავეშვა საბაზოში, ახლა კი ქარის მიუხედავად ფოტოები და ვიდეოები უნდა გადავიღოთ ამოსვლის დასამტკიცებლად, ამის გარეშე მწვერვალი არ გეთვლება.
ვიღებ ფოტოებს და ვაცნობიერებ რომ ამ მომენტში, ამ პლანეტაზე ყველა ადამიანზე მაღლა ვდგავარ თავზე კავკასიური ფაფახით, ცოტა სახალისოც არის მეცინება და ვიწყებ ქვემოთ დაშვებას.
საღამოს საბაზო ბანაკში ვართ, ბანაკი უკვე აშლილია, მარტო სამზარეულოს დიდი კარავი და რამდენიმე პატარა კარავიღა დარჩა. მოშივებულზე დალბატის თეფშს სანასმ გამოვცლიდი კუმარმა (ჩვენი მზარეული) რაღაც ზვავი ახსენა – ნეპალელების საუბარს ისე შევეჩვიე უკვე შემიძლია რაღაცების გარჩევა – ცუდად მომხვდა ყურში და ჩავეკითხე, დიდი ზვავი იყო შიშა პანგმაზეო, ნახევარი ჩვენი ჯგუფი იქ არის გადასული. მერე ბანაკის უფროსის ხმოვანი შეტყობინებები ჩართო ტელეფონში, რომელიც გვატყობინებდა რომ 4 ადამიანი არის დაკარგული.
დიდი ამერიკული შეჯიბრება შიშაპანგმათი უნდა დასრულებულიყო, ვინ გახდებოდა პირველი ამერიკელი ქალი ვინც თოთხმეტივე 8 ათასიან მწვერვალს დაიპყრობდა, ჯინა თუ ანა? ორივეს ცამეტ-ცამეტი მწვერვალი აქვთ გაკეთებული, ეს ბოლოა. მაგრამ ეს რეისი შიშაპანგმაზევე დასრულდა, თუმცა დარჩა დიდი ისტორია, ქალების სიმამაცის, შეუპოვრობის, მიზანდასახულობის, მიზნისკენ სწრაფვის და პირველობის წყურვილის.
ისტორია, სახელი, დიდება – უკეთესს რას უნდა შეეწირო?! ჭკვიანი ხალხია ალპინისტები.
R.I.P Anna , Gina , Lama
რომ არა შიშაპანგმას ამბავი ალბათ უფრო სასიამოვნო იქნებოდა ჩემი წარმატების გაზიარება.
მეტი სთორებისთვის კი ტიბეტურ ჩაიზე შემოიარეთ“, – წერს ზურა კვესტაძე.