ახალგაზრდა კინომოყვარულთა XV საერთაშორისო ფესტივალი “თბილისური აისი” 18 ოქტომბერს მეთხუთმეტედ გაიხსნება
ეროვნული სასახლის ინფორმაციით, 18–22 ოქტომბერს, მეთხუთმეტედ გაიხსნება ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ 7 ქვეყნის – ირანის, კატარის, გერმანიის, ყაზახეთის, უკრაინის, სერბეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 65-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც სპეციალური ჟიური შეაფასებს.
“ფესტივალის ფარგლებში ფართომასშტაბიანი და საინტერესო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ფილმების თემატიკა თავისუფალია, ავტორები 8-იდან 21 წლამდე მოზარდები არიან. ფესტივალის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, მათ შორის შემოქმედებითი კონტაქტების განმტკიცება, აზრთა და ხედვათა ურთიერთგაზიარება, კონცეპტუალურ-ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარება და სხვ, ეს იქნება ინტენსიური კულტურული პროგრამა, რაც უცხოელი ბავშვებისთვის ქართული კულტურის გაცნობას, დამეგობრებას, კულტურის, სპორტისა და განათლების საკითხებში პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო სამეგობრო წრის გაფართოებას გულისხმობს. კინოჩვენებებისა და დისკუსიების გარდა საფესტივალო პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს ანიმაციაში.
2023 წლის ფესტივალის ჟიური დაკომპლექტებული იქნება როგორც ახალგაზრდებით, ასევე პროფესიონალებით, რომლებიც გამოავლენენ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ ფილმებს. ფესტივალის საზეიმოდ დახურვის ცერემონიალზე გამარჯვებულს სპეციალური გრან-პრი გადაეცემა. ასევე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.