21 და 22 ოქტომბერს „საქართველოს დღეები ათენში“ გაიმართება

21 და 22 ოქტომბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით, “საქართველოს დღეები ათენში” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მოსხატოს კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “მზიანი გული”.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის ინიციატივით. წარმოდგენა ეძღვნება ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეს.

ათენში საქართველოს დღეების აღნიშვნა გაგრძელდება 22 ოქტომბერს. დილის 11 საათიდან, ღალაცის მუნიციპალიტეტის ღია ამფითეატრში (ალსოს ვეიკუ)

წარმოდგენილი იქნება ათენის დიასპორული ქორეოგრაფიული ანსამბლების და ვოკალური ჯგუფების საკონცერტო პროგრამა, ნაწყვეტები თეატრალური პიესებიდან.

ღონისძიების სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას – დაათვალიერონ ქართველი მხატვრების ნამუშევრები, დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტრადიციულ სპორტულ შეჯიბრებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები