მღვდელმთავარი, რომელმაც კომუნისტების მიერ გატაცებული წმიდა დიდმოწამეთა წმ. ნაწილები მოწამეთას მონასტერში დააბრუნა

15 ოქტომბერს (ახალი სტილით) აღინიშნება ხსენება წმიდა დიდმოწამე ძმების, დავითისა და კონსტანტინესი – მოწამეთობა.

დღეს რომ ნებისმიერ მსურველს გააჩნია შესაძლებლობა, მოწამეთას წმიდა და დიდებულ სავანეში მოილოცოს წმიდა დიდმოწამეთა არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელის (ჩაჩანიძე; 1901-1956) დამსახურება გახლავთ.

1925 წელს კომუნისტური აგრესიული ათეიზმის ხანაში, ქუთაისის მაზრის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, ვალია ბახტაძის განკარგულებით წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები მოწამეთას მონასტრიდან გადაასვენეს ქუთაისში, სადაც გაიმართა სასამართლო პროცესი. ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წმიდანთა ნაწილებს წაუყენეს ბრალდება ხალხის მოტყუებისათვის და მოსთხოვეს თავის მართლება(!). ერთკვირიანი სასამართლო სხდომების შემდეგ გამოიტანეს მათი გამამტყუნებელი განაჩენი. გადაწყდა წმიდა ნაწილების ადიდებულ მდინარე რიონში გადაყრა. თუმცა, უფლის წყალობით, ცნობილმა მხარეთმცოდნემ პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი გადარჩენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა. ამის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტები და მრევლი საერო ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ წმიდანთა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნებას, რაზედაც კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ.

1954 წელს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს გაბრიელსა და ქუთაისის ქალაქკომის მაშინდელ პირველ მდივანს გრიგოლ ნარსიას შორის მოხდა მწვავე დაპირისპირება… ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. იმავე წლის 4 ივლისს, უფლის მადლით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის გაბრიელის თავდადებითა და დიდი ღვაწლით, დღის 11 საათზე მოწამეთაში დაბრუნდა წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები. მონასტერში სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინეს.

1954 წლის 2 ოქტომბერს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა და ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეფრემმა აღასრულეს მოწამეთას მონასტრის განახლებული ტაძრის კურთხევა.

მიტროპოლიტმა გაბრიელმა ასევე მოაწესრიგა მონასტრის შესასვლელი და სხვა მრავალი ღვაწლი დასდო მოწამეთას წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა სავანეს.

📷ეკლესიის კალენდარი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები