1914 წლის 29 მაისი – აკაკი წერეთელი და დავით კლდიაშვილი სხვა მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად

1914 წლის 29 მაისს აკაკი წერეთელს და დავით კლდიაშვილს ქუთაისში ფოტო გადაუღიათ სხვა მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად. მასზე გამოსახული არიან: ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპიძე, იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე, გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი (მარგიანი), გელა (ბარნაბა გელაზონია), ილია ბახტაძე, ია ეკალაძე (იაკინთე ცინცაძე), ნემო (მიხეილ ჯანოევი), თეოფილე ხუსკივაძე, აბაშისპირელი (კონსტანტინე გამსახურდია), ჯაჯუ ჯორჯიკია (ცვარნამი), ლელი ჯაფარიძე.

დიდი ხნის შემდეგ, 1957 წელს, ეს სურათი ხელში ჩავარდნია გალაკტიონ ტაბიძეს და საინტერესო მოგონებები და შენიშვნები დაუწერია.

“ეტყობა ზაფხულია: ან არა, გაზაფხული. (მოწაფეები ზაფხულობით დათხოვნილნი არიან და გადიან ქალაქიდან. აქ კი ლელიკო ჯაფარიძე და დათიკო მებუკე თეთრ ბლუზებში არიან სამოსწავლო ქამრებით, ფოლაქებით. თეთრი ბლუზებით (ჰმ)… საინტერესოა: სადაა გადაღებული ეს სურათი, ე.ი. ქუთაისის რომელ ადგილას, არა სჩანს, რომ კვიცარიძის კანტორა იყოს, ვინაიდან წიგნები არა სჩანს.

ია ეკალაძე მაინც თავისებურია ამ ფოტოში. ხელი შუბლზე ნიშნავს ერთგვარ თავისებურებას მისას, მაინც ვფიქრობ კაცი: ია ეკალაძე მარჯვენა ხელით დაყრდნობია ილია ბახტაძეს, რაღაც ნდობით, რაღაც სიახლოვის ნიშნით. მაშინ, როდესაც ისინი სრულიად ახლოს არ სდგანან ერთმანეთთან არც განცდით, არც ხელოვნებით, არც წლოვანებით, სრულიად არაფრით. ია ეკალაძე ნაციონალისტია, ილია ბახტაძე სოციალ-დემოკრატი. ია ეკალაძისთვის მაშ სულერთია ყველაფერი? ოღონდ ჩამოეყრდნოს იდაყვით მხარს… ნემო. აი, მართლაც რომ კოხტად გამოიყურება სწორედ ისეთი პოზით, როგორც სცენაზეა: დაურიდებლად, ამაყად გამოიყურება. საცაა რამე მონოლოგს, უსათუოდ სახუმაროს წარმოსთქვამს… რა დიდებულია: დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება. – ფოტოგრაფო, მე შენ შემოგყურებ, – ამბობს აკაკი სვანი. – ხონის პროლეტარიატი იწევს ჩაებას ბრძოლაში, – ამბობს ილია ბახტაძე. – სოციალისტების არა მჯერა-რა, – ამბობს ია ეკალაძე. – დოვუსტვინო? – გრიალებს ნემო. თხზულებანი, ბატონებო თხზულებანი! – რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე. – რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია? რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია? რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე? რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე? ვარლამ რუხაძე? ვეშაპიძე? ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა, ათი წლის განმავლობაში ის ხელს აწერდა ტიტე ტაბიძე, ტ. ტაბიძე, ტიტია. ჰმ! ვარლამ რუხაძის პოზა ისეთივეა, რაც მას ახასიათებდა: აკაკი წერეთელს დაინახავდა თუ არა, მის გვერდით უნდა მოხვედრილიყო უსათუოდ… ოო, ისე როგორ შეიძლებოდა… მაინც რა კარგადაა გამოსული დავით კლდიაშვილი. ეს პატარა კაცი აკაკის გვერდით მშვენივრადა სჩანს… ყველა ჩემს გარდა, საკმარისზე უზრუნველყოფილი იყო. მე კი იმ დღეს, მახსოვს, სადილის ფულიც კი არა მქონდა. ყველას პატივსა ვცემდი, მაგრამ არცერთ მათგანთან დაახლოვებული არ ვყოფილვარ, რომ გულახდილად მეთქვა ყველაფერი. პირიქით თავს ლორდივით ვიჭერდი. მგონი, როგორც მახსოვს, საბრალო ტიციანიც (მაშინ ტიტია ერქვა) ამ მდგომარეობაში იყო, თავს კი ისე იჭერდა… (ჰმ)”

📷მწერალთა სახლი – ეს ფოტო შთამომავლობას ფოტოგრაფმა ნიკოლოზ საღარაძემ შემოუნახა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები