1992 წლის 11 ოქტომბერი აფხაზეთის ომის გმირის სლავა ჯაბუას გარდაცვალების დღეა

ვიცეპოლკოვნიკ სლავა ჯაბუას დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული საერთაშორისო მისიებში ბრძოლის დროს. იყო ავღანეთის ომის მონაწილე და წარმატებული ოპერაციებისთვის ორი წითელი ვარსკვლავის ორდენით იყო დაჯილდოებული.

ომის დასაწყისშივე სლავამ მოასწრო თავი გამოეჩინა, როგორც პროფესიონალ მფრინავს. ის მართავდა „სუ-25“ ბომბდამშენ გამანადგურებელს, რომლის მართვა არც ისე ადვილი იყო. დაღლილობის მიუხედავად დღეში 12 საბრძოლო გაფრენას ასრულებდა. არასოდეს არ უღალატია თავისი საქმისთვის…

ერთ-ერთი აფრენისას, 1992 წლის 11 ოქტომბერს, 15 საათზე და 30 წუთზე, სლავას თვითმფრინავს საზენიტო კომპლექსიდან „იგლა“ მოარტყეს რაკეტა. სლავამ მოასწრო და ნაპირიდან დაახლოებით სამ კილომეტრში კატაპულტირება გააკეთა. ამის შემდეგ კვალი საერთოდ იკარგება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი „სუ-25“ თვითმფრინავი რომელიც საქართველოში ჩამოაგდეს.

სლავა ჯაბუას ძმა ვალერი: “ჩემი ძმის საძებნელად მაშინვე დავიძარით სამი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენით. ერთ-ერთში მე და პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძე ვიყავით. ჯიმიმ გაიგონა შეტყობინება „S0S“ და სწორედ ამ ადგილისკენ გაეშურა. კარგი ამინდი  იყო ზღვის ფსკერიც კი მოჩანდა და მართლაც პარაშუტი წყალში ჩაგდებული დავინახეთ. თავად სლავა კი, საუბედუროდ, არსად არ ჩანდა. ეს ადგილი იყო  გუმისთასა და ახალ ათონს შორის შაუკვარას დასასვენებელი სახლის მოპირდაპირედ. რამდენჯერმე ჩავუშვით კიდეც ჩვენი ტექნიკის ამწით რომ პარაშუტი მაინც ამოგვეთრია, მაგრამ უშედეგოდ. ეშერასთან იყვნენ შეკრებილი სხვადასხვა ჯურის ბოევიკები და მათ აგვიტეხეს ნაპირიდან გამალებული სროლა. აშკარა იყო, რომ რუსებმა კატარღით აიყვანეს სლავა წყლიდან ნაპირზე ცოცხალ-მკვდარი. როგორც ამბობენ, რომ იგი შემდეგ ახალ ათონში წაიყვანეს ბოევიკებმა და აწამებდნენ, აიძულებდნენ კამერების წინ ეთქვა, რომ ის მივიდა აფხაზურ მიწაზე მათ  დასახოცად, რომ ეს მიწა ქართველების არ არის. მაგრამ სლავა პასუხობდათ, რომ ის ქართულ მიწას იცავდა გადამთიელებისაგან. თავისას რომ ვერ მიაღწიეს, წამების და ცემის შემდეგ, ამბობენ, რომ მას ბარბაროსულად თავი მოკვეთეს.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები