„ოპერის ოქროს ხმის“ კვირეულის მონაწილეებმა გალაკონცერტი გამართეს
28 სექტემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრის თანხლებით, „ოპერის ოქროს ხმის“ ვოკალის აკადემიის კვირეულის მონაწილეთა გალაკონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში დამწყები და უფროსი თაობის ვოკალისტები მონაწილეობდნენ.
„ოპერის ოქროს ხმის“ კვირეული 21 სექტემბერს გაიხსნა და 1 ოქტომბერს დაიხურება საზეიმო გალაკონცერტით, რომელშიც მონაწილეობას რეგიონის სამი წარმატებული ტენორი – მიხეილ შეშაბერიძე, ერდემ ერდოღანი და ლიპარიტ ავეტისიანი მიიღებს.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მენტორები – მსოფლიოში ცნობილი მომღერლები: რობერტო სკანდიუცი, ვესელინა კაზაროვა და ბოჟიდარ ნიკოლოვი. მათ ერთი კვირის განმავლობაში მასტერკლასები ჩაატარეს.
29-30 სექტემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში, საქართველოში პირველად, მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებისა და თეატრების წარმომადგენლები, პროდიუსერები ახალგაზრდა ვოკალისტებს მოუსმენენ.
„ოპერის ოქროს ხმის“ ვოკალის აკადემიის კვირეული იმართება საერთაშორისო ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის“ ფარგლებში.
ინფორმაციისთვის: „ოპერის ოქროს ხმა“ ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის“ ფარგლებში პირველად 2022 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორია ცნობილი სოპრანო თამარ ივერი. მისმა ინიციირებულმა პროექტმა გაიმარჯვა კულტურის სამინისტროს კონკურსში – „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“. კონკურსის მიზანი იყო პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ფილარმონიული და სასცენო-მუსიკალური შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.