„დიმიტრი ამილახვარი იყო ღირსეული შვილი თავისი სამშობლოსი – საქართველოსი და ერთგული საფრანგეთისა“
“ჩვენ, უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს გმირობა – სიცოცხლე შევწიროთ მას” – ეს სიტყვები ბრწყინვალე ქართველ ოფიცერს დიმიტრი ამილახვარს ეკუთვნის, მართლაც, ის 36 წლის ასაკში ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. მისი უკანასკნელი ბრძოლა აღწერილი იყო ჟურნალ „The Voice of Free Georgia“-ს მეხუთე ნომერში ალექსი ჩხენკელის (საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი, “საპატიო ლეგიონი”-ს ორდენის კავალერი) მიერ. 2021 წლის 26 სექტემბერს, სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ, დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
დიმიტრი ამილახვარი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა. 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების შემდეგ საქართველოში გაბატონებულმა საბჭოთა რეჟიმმა განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა ამილახვართა საგვარეულოს მიმართ: საგვარეულოს წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი განადგურებულ იქნა, დიმიტრი ამილახვრის მამა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასევე სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა და პარიზში დასახლდნენ, სადაც 1926 წელს დიმიტრიმ წარჩინებით დაამთავრა საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სამხედრო სკოლა. ამის შემდეგ იწყება მისი სახელოვანი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.
„საფრანგეთის სამხედრო შტაბისა და მთავრობის აქტი ადასტურებს ჩვენ ცნობას დიმიტრი ამილახვრის დიდი დამსახურების შესახებ. ჩვენ დიდ სიხარულს გამოვთქვამთ ჩვენი თანამემამულის ასე ღირსეულად დაფასების გამო” აღნიშნულია ნიუ-იორკში გამომავალი ქართული ემიგრანტული გაზეთის “ქართული აზრი” პირველ ნომერში (2005 წელი)
დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას. აქ მსახურებისას ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეასა და სირიაში. ამის შედეგად მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. 1942 წელს კი, ბირ-ჰაქეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის „გათავისუფლების ჯვრით“ დაჯილდოვდა. ბირ-ჰაქეიმის ბრძოლა, რომელსაც სამხედრო ისტორიკოსები “უდაბნოს ვერდენსაც” უწოდებენ, II მსოფლიო ომში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეტაკებადაა მიჩნეული, სადაც ქართველი მებრძოლის – დიმიტრი ამილახვრის სიმამაცე და ბრძოლის ჟინი განსაკუთრებულად გამოვლინდა.
1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს დიმიტრი ამილახვარი გმირულად დაიღუპა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა „საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით. ხოლო მისი სახელი მიენიჭა სენ-სირის სამხედრო აკადემიის 1954-1956 წლების გამოშვებას. რაც უმაღლესი სამხედრო პატივია. 2005 წელს საფრანგეთში დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან მე-100 წლისთავი აღინიშნა: პარიზის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. ხოლო დიმიტრი ამილახვრისადმი მიძღვნილ ბროშურაში ვკითხულობთ: “ეს იყო იშვიათი პიროვნება, ამაღლებული გრძნობებითა და გულოვნებით, ვისშიაც გარეგნული სილამაზე შერწყმული იყო სულიერთან – მის თვისებათა უმაღლეს მახასიათებელს წარმოადგენდა ერთგულება, რაც მისი არსებობის საზრისს შეადგენდა. ამილახვარი იყო ღირსეული შვილი თავისი სამშობლოსი – საქართველოსი და ერთგული საფრანგეთისა“!