“ვაიმე, აფხაზეთს ვკარგავთო, განწირული ხმით წარმოთქვა“ – მიხეილ ავჭალელი – ერთი გმირის ისტორია
მიხეილ ავჭალელი დაიბადა 1951 წლის 27 სექტემბერს, თბილისში. მუშაობდა უშიშროების სამინისტროს საინფორმაციო – სადაზვერვო სამსახურში. ჟიული შარტავასთან ერთად იმყოფებოდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში. თვითმხილველის ინფორმაციით, მიხეილ ავჭალელი აწამეს და დახვრიტეს 27 სექტემბერს; დღემდე ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
სონია ავჭალელი, მიხეილ ავჭალელის მეუღლე: ” ჩემი მეუღლე, სოხუმში, 1993 წლის 22 სექტემბერს იმ თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო, რომელიც რუსული სამხედრო კატარღებიდან ნასროლმა ჭურვებმა, ბაბუშერას აეროპორტში ააფეთქა, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო, იმ დღეს ვერ გაფრინდა. სოხუმი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა და განუწყვეტლივ იბომბებოდა; არანაირი გარანტია, რომ ამ თვითმფრინავსაც არ ააფეთქებდნენ, არ არსებობდა, თუმცა, 1993 წლის 24 სექტემბერს, მიხეილი, თავის 25 თანამშრომელთან ერთად, უკვე განწირულ სოხუმში, უდიდესი რისკის ფასად, მაინც ჩაფრინდა. ვინც მიხეილს იცნობდა, ყველამ იცის, რა გულისხმიერი იყო, როგორ უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო. “ვაიმე, აფხაზეთს ვკარგავთო” – განწირული ხმით წარმოთქვა. ასეთ ადამიანს ხომ ვერ დავაკავებდი?! შეეძლო, არ წასულიყო, სამსახურში ეთქვა, ორი შვილი მყავს, მათ ჩემს გარდა პატრონი არ ჰყავთო, მაგრამ ამას არასოდეს იზამდა! მართლაც უპატრონოდ დავრჩით, დიდი გაჭირვებით, თვალზე ცრემლშეუმშრალმა გავზარდე შვილები…
24-ში დილით, მანქანას ელოდებოდა, აეროპორტში უნდა წასულიყო; ისე ჩქარობდა, ისე, რომ ვუთხარი კიდეც – ასე რატომ მიგეჩქარება-მეთქი. სასწრაფოდ უნდა წავიდეო… ქვეყნის სიყვარულით ისეთი გულანთებული იყო… იქ უცოლშვილო ბიჭები იხოცებიან, მე კი, ორ შვილს მაინც ვტოვებ. შენ არ იდარდო, 3-4 დღით მივდივართ დავალებაზე და უკან ჩამოვალო- დამამშვიდა…
…რომ მიდიოდა, ძალიან წვიმდა… 24 სექტემბერი იყო, მაგრამ, თითქოს, წვიმასთან ერთად, თოვლსაც ყრიდა. ფანჯარა გამოვაღე, ამომხედა… ისეთი მზერა ჰქონდა, ის თვალები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება – ძალიან ალალი, მართალი, ძალიან სუფთა ადამიანი იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, ის აწამეს და დახვრიტეს. ბავშვებს სულ ვუმალავდი ამ ამბავს; 10 და 12 წლისანი დამრჩნენ ვაჟები და არ მინდოდა, მათი სული, უფრო მეტად დამემძიმებინა…
… ამ ჯგუფს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, გურამ ჯანიაშვილი ხელმძღვანელობდა, აქედანაც ერთად წავიდნენ. მიხეილი ჟიული შარტავასთან ერთად იყო ბოლო წუთამდე. ერთ კადრშიც ჩანს, შარტავას უკან დგას, რომ გამოდიან ბიჭები. შარტავა ეუბნება ოკუპანტებს – არ არიან ეს ბიჭები დამნაშავეები და გაუშვით, მე აგერ ვარ, პასუხს მე ვაგებო. მაგრამ ვინ გაუშვებდა?! ბატონ გურამს ბევრჯერ ვესაუბრე და მითხრა, მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი რომ დაიწყო, მე ჩემს მებრძოლებს ვუთხარი, ვისაც შეგიძლიათ გადახტით და წადით, რადგან დამხმარე ძალა ვერ მოდის, სოხუმი უკვე ეცემაო; რამდენიმე გადმომხტარა და დაეცა იქვე… ჩემი მეუღლე არ გადმოხტა და არ წამოვიდა, არ მიატოვა შარტავა. რომ გადმომხტარიყო და ბრმა ტყვია მოხვედროდა, იქნებ, სჯობდა კიდეც – წამებას და ასე უგზო – უკვლოდ დაკარგვას იქნებ, ასცდენოდა…
უგზო – უკვლოდ დაკარგულთა ფონდის, “მოლოდინის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, სადაც ჩემნაირი ტრავმირებული ოჯახებია გაერთიანებული. წევრი ვარ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული ოჯახური კომიტეტისა, რომელიც აკეთებს ყველაფერს, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საპოვნელად. ტყვეთა გაცვლის კომიტეტშიც ვიყავი; მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, რადგან ოფიციალური სტრუქტურებიდან, არავის უთქვამს, რომ მიხეილი დახვრიტეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, არაოფიციალურად შევიტყვეთ, რომ ჩემი მეუღლე ნამდვილად ნაწამები და დახვრეტილი იყო. ერთი ბიჭი ჩამოვიდა იქიდან ცოცხალი, გენადი ფიცხელაური, რაღაცნაირად, ჩეჩნებმა გადამარჩინესო, თქვა; (შემდეგ აქ, თბილისში დაიღუპა). ძალიან ბევრი უბედურება ვნახეო – ამბობდა; პირადად მან მითხრა, რომ შენი ქმარი ცოცხალი აღარ არის, ჩემი თვალით მაქვს მისი ცხედარი ნანახი; ჩეჩნებმა რომ წამიყვანეს, შევეცადე, ისინი მატერიალურად დამეინტერესებინა და ვუთხარი – გადაარჩინეთ ის ხალხი და მათი ოჯახები ფულს გადაგიხდიანო; ასე იმიტომ ვუთხარი, იქნებ ვინმე ფულის გამო გადაერჩინათ. გავიარეთ იმ ადგილზე, სადაც ბიჭები უნდა ყოფილიყვნენ, იქნებ, ვინმე ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ვნახე ნაწამები მიცვალებულები. გავაჩერე, მივედი და დავრწმუნდი, რომ ჩვენი ბიჭები იყვნენო. გვარებიც ჩამოთვალა, ვინც ნახა – მათ შორის იყო მიხეილიც. ერთი თვის შემდეგ, დაგვიბარეს პარლამენტში და იგივე გვარები გამოგვიცხადეს…
როცა მინისტრთა საბჭოს შტურმისას დაღუპული ბიჭები გადმოასვენეს, იმედი მოგვეცა, რომ მათ შორის, მიხეილიც იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დნმ არ დაემთხვა და ისევ იმედგაცრუებულნი დავრჩით… ისევ ჩემი მიხეილის ძვლების მოლოდინში…
17 წელი ერთად ვცხოვრობდით, 41 წლის ასაკში წავიდა ომში და 27 სექტემბერს, თავისი დაბადების 42-ე წელიწადს, თავის დაბადების დღეს, სოხუმის დაცემას და წამებით სიკვდილს ერთ დღეს შეხვდა… 2 ვაჟი გვყავს… ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე და მამა იყო. მთელი სიცოცხლე დამენგრა… ჩვენმა შვილებმა, მამის დაღუპვით გამოწვეული უდიდესი სტრესისგან მიღებული იარა დღემდე ვერ მოიშუშეს; ეს ხომ ის ტკივილია, რომელიც არსად მიდის და ცხოვრების ბოლომდე შენშია და შენთანაა… მას დრო ვერ კურნავს, ვერ შველის!.. ამ უბედურებამ შეიწირა მიხეილის დედაც – ინსულტი დაემართა, დამუნჯდა და ისე წავიდა იმ ქვეყნად, ბოლო ამოსუნთქვამდე შვილის გზას გაჰყურებდა… მართლა გამორჩეული, სიკეთით სავსე პიროვნება, კაცი, ადამიანი იყო და არ გეგონოთ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლე გახლდათ; ჩვენს მეზობლად რამდენიმე გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობდა და მათ, მატერიალურადაც ეხმარებოდა; სამსახურიდან მოსული, პირველად იმას მკითხავდა, როგორ იყვნენ იმ ოჯახების ბავშვები, რამე ხომ არ სჭირდებოდათ, სადილი თუ მივუტანე, თუ მოვიკითხე… თავის არც თუ ისე დიდ ხელფასს, მათაც უნაწილებდა; საოცარი თანადგომა შეეძლო, უღალატო ადამიანი იყო, ერთგული! პირველ რიგში კი, ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო; დღეს, როცა ის ადამიანები მხვდებიან, ვინც მას იცნობდა, გულისტკივილით ამბობენ, რომ მიხეილი ასე უსაფლავოდ, ასე უგზო-უკვლოდ დაკარგვას არ იმსახურებდა; თქვენ არ იცით, ეს რა ტკივილია! თქვენ არ იცით, ეს რამხელა უბედურებაა! იცით, რა არის საყვარელი ადამიანის სიკვდილზე უფრო დიდი უბედურება? როცა მისი საფლავიც არ გაქვს! უსაფლავოდ დარჩენილი შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი არის ენით აუწერელი ტრაგედია – 29 წელია დავდივარ და ვეძებ, იქნებ, მის ერთ ძვალს მაინც მივაგნო, რომ გადმოვასვენო… ამიტომაა, რომ მძულს ომი ყველგან და ყოველთვის… მინდა იცოდეთ, რომ ომი ანგრევს არა მხოლოდ ქვეყნებს, ქალაქებს, არამედ ანადგურებს ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს, მათ სიცოცხლეს, მომავალს…’’
მიხეილ ავჭალელი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
წყარო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური